როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიტყვით ვეღარ გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე - "უკრაინის პერსპექტივები. ევროპასა და რუსეთთან მჭიდრო კავშირში როგორი იქნება უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი".

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

აზაროვი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში უკვე ჩავიდა. ვიზიტის პროგრამის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ რობერტ ასევედოსთან.

დაგეგმილია ნიკოლაი აზაროვის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერთანაც.

თუმცა, გაიმართება თუ არა ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები, ამ ეტაპზე უცნობია.

რიგით 44-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გუშინ გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებმა უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინასთან ოფიციალურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ დადასტურდება, რომ მილიცია დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას "ბიბისის" უკრაინული სამსახური ავრცელებს.

მისივე განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები შოკისმომგვრელია.

"თუ დადასტურდა, რომ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გვექნება უკრაინასთან ისეთივე ურთიერთობა, როგორც ადრე", - განაცხადა პროტასევიჩმა.

ამასთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან დიალოგი საფრთხის ქვეშაა.

"ქუჩებში დაღვრილი სისხლი ყველაფერს ცვლის", - აღნიშნა იაცეკ პროტასევიჩმა.

უკრაინაში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული თავის, გულ-მკერდისა და კისრის არეში.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი მზადაა უკრაინელი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები შეამოწმოს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა