ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მედიის ობიექტურობასთან დაკავშირებით ისევ შენიშვნები აქვს. როგორც ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, მედია უკეთესი უნდა გახდეს.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიჰყავდა ქვეყანა", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი განსაკუთრებულ აქცენტს ტელევიზიებზე აკეთებს და ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა, თუმცა "უფრო მძიმე" სიტუაციაა სხვა ტელევიზიებში.

"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. "რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ სამ ტელევიზიაში უფრო დიდ პრობლემას იმის გათვალისწინებით ხედავს, რომ მათ საზოგადოება ობიექტურ და თავისუფალ მედიასაშუალებებად მიიჩნევს.

"ეს მძიმე თემაა საზოგადოებისთვისაც, რადგან ამ სამ ტელევიზიას, "რუსთავი 2"-სგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურნი და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც "რუსთავი 2" გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას", - განმარტავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ:

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა