პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

პუტინი ღარიბაშვილს და მარგველაშვილს მოსკოვში ეპატიჟება

თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას უპასუხა.

ბოლო განახლება| როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება პუტინის მიერ ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის მოსკოვში მიწვევას

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შიგნით რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს ურთიერთობები.

"როგორც ვხედავთ, საქართველოში არ წყდება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. თავის დროზე ჩვენ გვთხოვეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაგვეშვა და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი საქართველოს ხელისუფლების და ჩვენ ვუპასუხეთ ამ ჟესტს რუსული ბაზრის გაღებით. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგში დგას, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავის დროზე არაერთხელ არწმუნებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან.

"მას დევნის საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც და არა - ჩვენი ინიციატივით. ჩვენ ამაში ბრალი არ მიგვიძღვის. ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს. მპასუხობდა, არა, არავითარ შემთხვევაშიო. მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ძნელია ამ ვითარებიდან გამოსვლა. მესმის, რომ ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღია ჭრილობაა, მტკივნეულია. 1919 წელიც ხომ გახსოვთ, მაშინაც მძიმე მოვლენები იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაშინაც ყველაფერი იგივე იყო, სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ არ ვართ დამნაშავე, თუმცა ყველა ჩვენ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ ვახდენთ პროვოცირებას. ჩვენ არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე მოხდა. უნდა დაველაპარაკოთ ამ ხალხს, ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობისთვის. მას შემდეგ რაც მოხდა ამ გაფრთხილებების დაიგნორება, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. გულწრფელად გეტყვით, რომ ძნელია რაიმეს გაკეთება, მაგრამ საჭიროა პირველ ეტაპზე თუნდაც ურთიერთობების დალაგება, პირდაპირი კონტაქტები, პოლიტიკური დიალოგი. თუ ეს მოხერხდება, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეაყოვნა ქართველი ჟურნალისტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა. მიუხედავად მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თხოვნისა, რომ სიტყვა ქართველი ჟურნალისტისთვის მიეცათ, ვლადიმერ პუტინმა შეკითხვის დასმის უფლება ჯერ თურქ ჟურნალისტს მისცა, შემდეგ კი ჩინეთის წარმომადგენელს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა