ავტორი:

"არასერიოზული კაცი" - 7-ჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!

"არასერიოზული კაცი" - 7-ჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!

ერთი კარგად უნდა გავარკვიოთ, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია მოჯადოებულ ადგილას ხომ არ არის აშენებული. ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს - ვინც კი იქ დაიდებს ბინას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცევა.

არასერიოზულ და ქვეყნისთვის შოკისმომგვრელ განცხადებებში "ჩემპიონი", რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი იყო - ხან იერუსალიმის ჯვრის მონასტერს იბრუნებდა და ხან აზერბაიჯანთან ერთად საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. მარგველაშვილი პრეზიდენტობის პირველ წლებში შედარებით წყნარად იყო, ალბათ, ავლაბრის რეზიდენციაში აკლიმატიზაციას გადიოდა და ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილთან დავობდა - ვის რაზე უნდა მოეწერა ხელი და გაეროში ორი ქართული დელეგაცია უნდა წასულიყო თუ ერთი.

თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, საფეხბურთო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მარგველაშვილმა წინამორბედ "ჩემპიონს" "აუკრიფა". ჯერ იყო და მოსახლეობას ამცნო - მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობდიო და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რა კავშირი აქვს ფარული ჩანაწერების სკანდალს ქვეყნის პირველი პირის სექსუალურ თავგადასავლებთან.

რამდენიმე დღის წინ კი, აქეთ მთავრობა ჩააგდო შოკში, იქით პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობოები. დაახლოებით იცით, როგორ გამოვიდა?! მაგალითად, აპრილში რომ გადაწყვიტოთ, რომ ოქტომბერში ქორწინდებით. ოღონდ, სასწრაფოდ, აპრილშივე რესტორანში რომ გააშლევინოთ სუფრა, სანამ ოქტომბერი მოვა, ოფიციანტებმა რამდენიმე დღეში ერთხელ გაფუჭებული საჭმელი ახლით უნდა შეცვალონ და თქვენ უზარმაზარი ხარჯების გაღება მოგიწიოთ.

დიახ, ასე მოხდა. სავარაუდოდ, 5 აპრილს, პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდებოდა. მარგველაშვილს შეეძლო, მოსახლეობისთვის მხოლოდ მიეწოდებინა ინფორმაცია არჩევნების თარიღის შესახებ. თუმცა, პრეზიდენტმა აიღო და გამოსცა ოფიციალური აქტი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით კი, არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის აქტის ძალაში შესვლის დღიდან (ძალაში კი ეს აქტი შედის გამოქვეყნებისთანავე) ქვეყანაში იწყება წინასაარჩევნო პერიოდი თავის ხარჯებიანად, ამკრძალავი რეგულაციებიანად თუ საარჩევნო სიების უმოკლეს ვადაში წარმოდგენიანად. ანუ მარგველაშვილმა წინასაარჩევნო სუფრა არჩევნებამდე 7 თვით ადრე გაშალა.

აქეთ მთავრობა ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, იქით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მარგველაშვილის გუნდში გამოსავლად მოიფიქრეს ახალი ბრძანების გამოცემა, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ აპრილში გამოცემული აქტი არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების შესახებ ძალაში 8 აგვისტოს უნდა შესულიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება - იმაზე უკვე აღარავინ აღარ დავობს, რომ არასერიოზულია ბრძანების გამოცემა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შევიდეს მეორე ბრძანება ძალაში.

დღეს მთავრობაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ეძებენ გამოსავალს, როგორ "შეუნარჩუნონ სახე" მარგველაშვილს, მაგრამ აქაც ჩიხური სიტუაციაა. კერძოდ, გამოსავალი ორია - ან პრემიერმა არ უნდა მოაწეროს ხელი მარგველაშვილის აქტს ან პრეზიდენტმა თავისი ბრძანება უკან უნდა გაიწვიოს: ორივე შემთხვევაში კითხვები ისმის პრეზიდენტის მისამართით.

ასევე წაიკითხეთ: რა შეეშალა პრეზიდენტს?!

მთავარი კითხვა კი ის არის, მარგველაშვილმა ამხელა ადმინისტრაციაში ერთი იურისტი ვერ იპოვა, რომ აზრი ეკითხა? დაავიწყდა, რომ მისი თანაშემწეა საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც ბოლოს და ბოლოს დააკვალიანებდა იმის თაობაზე, როდის რა აქტი უნდა გამოცემულიყო? ზოგადად, ტენდენციაა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა უკუღმა გაიგო "შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი"-ს პრინციპი. ერთხელ გაზომავენ და მერე შვიდჯერ კი არა, რატომ ორასჯერ არ ჭრიან, რომ უკუღმა გაზომილი როგორმე თარგს მოარგონ.

ასეთი ქმედებებით საჯარო მოხელეები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს კი არა, ფილმ "არასერიოზული კაცის" პერსონაჟს ემსგავსებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."