რა შეეშალა პრეზიდენტს?!

რა შეეშალა პრეზიდენტს?!

5 აპრილს ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ორივე განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მეორე დღესვე გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება "საკანონმდებლო მაცნეში" უნდა გამოქვეყნდეს, გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.

...და დაიწყო გაუთავებელი ვნებათაღელვა პოლიტიკურ, სამართლებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა. არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა: "სამართლიანი არჩევნები" მიმართავს შესაბამის უწყებებს, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა "საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესით - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე".

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ: "უნდა აღინიშნოს, რომ "საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკავშირდება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება".

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს მისსავე განკარგულებას, მინიმუმ ორ არგუმენტზე დაფუძნებული მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს. "ამ შემთხვევაში, ორი არგუმენტით - ერთი იმიტომ, რომ გადავადების სამართლებრივი საფუძველი არის გაურკვეველი და მეორე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე, ვფიქრობ, რომ განკარგულება პრემიერმა უნდა დაუბრუნოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს პრეზიდენტის განკარგულების შესახებ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა არჩევნების დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულებების 8 აგვისტოდან ამოქმედებას "ტაკიმასხარაობა" უწოდა: "გუშინ შეიკრიბნენ პრემიერ-მინისტრთან ისე, ბავშვები რომ შეკრიბებიან და "იბურჭალებენ". შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი, ჩაატარა ბრიფინგი და დღეს თქვა, რომ "ნიჩურიტი" მეკავაო. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის მიმართ, როგორიც არის არჩევნები. არჩევნები 8-ში დაინიშნება, 1-ში თუ 25-ში, "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გაიმარჯვებს და "ქართული ოცნება" დამარცხდება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც უდგებიან საკითხს, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ "არჩევნების თარიღის გამოცხადება, რაც მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის სასიხარულო ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო, ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეში ჩაუხედაობისა და გაუთვიცნობიერებლობის გამო, დიდ გაუგებრობად და საჯილდაო ქვად იქცა". ცაგარეიშვილის თქმით, შეიძლებოდა, პრეზიდენტს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამოეცხადებინა, რომ არჩევნების დანიშვნას 8 ოქტომბრისთვის გეგმავდა და რაიმე სამართლებრივი აქტის გამოცემაზე საუბარი არ ყოფილიყო. როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, როცა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილად თქვა, რომ არჩევნებს 8 ოქტომბრისათვის ნიშნავს, შესაბამის განკარგულებას კონტრასიგნაციისთვის უგზავნის პრემიერ-მინისტრს, აქ კი, უკვე პრობლემები შეიქმნა, რადგან მისი მხრიდან არანაირი 8 აგვისტო ნახსენები არ ყოფილა.

"უკვე ჩნდება სამართლებრივი პრობლემატიკა, თუ რას ნიშნავს არჩევნების დანიშვის დღე, რომელია ეს დღე, რომელია გამოქვეყნების თარიღი, რატომ 60 დღით ადრე და არა - 90 დღით ადრე ასე შემდეგ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ პარტიები 8 ოქტომბერზე იყვნენ ორიენტირებული და 8 ოქტომრისათვის მოემზადონ, მაგრამ ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი - გუშინ, როცა თარიღი გავრცელდა, იქვე მეორე თარიღზე - 8 აგვისტოზე არაფერი იყო ნათქვამი. ითქვა მხოლოდ 8 ოქტომბრის შესახებ. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეჭვი, რომ 5 აპრილს მთავრობის კანცელარიაში შეკრებილმა საზოგადოებამ უბრალოდ რაღაცეები ვერ გათვალა და ვერ განსაზღვარვა ის, რომ როგორც კი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული და მთავრობის მიერ კონტრასიგნირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაში შევიდოდა, ამოქმედდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული შეზღუდვები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოუმზადებელი განაცხადი იყო და ამის შემდეგ მთავრობაში მოისაზრეს, აწონ-დაწონეს ყველა ის რისკი, რაც აქედან გამომდინარეობდა - როცა მკვიდრდება თამაშის წესები არჩევნებამდე ორი თვით ადრე, უამრავი რამ იზღუდება და ამ შეზღუდვების 6-თვით ადრე დაწესება შეიძლება ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად გამოადგება ეს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა.

წაიკითხეთ: "არასერიოზული კაცი" - 7-ჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."