"ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

 "ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბოტანიკური ბაღის დირექტორს თამაზ დარჩიძეს "ხელის ბიჭი" უწოდა. ასე მელიამ დარჩიძეს ბოტანიკურ ბაღთან მიმართა, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წარმომადგენელ, ირაკლი აბესაძესთან ერთად მივიდა და დარჩიძისგან იმ წერილთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა, რომლითაც ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა გასხვისდა.

"4 ჰექტარი მიწა, რაც იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, გადაეცით თუ არა კონკრეტულ კომპანიას? რა გგონიათ, ციდან ჩამოფრენილები ვართ და დოკუმენტების კითხვა არ ვიცით?... ახალგაზრდა ერთი წუთით მომისმინე. შენ უნდა იცოდე ერთი რაღაც - ვერ გადაგარჩენს ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხულია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი გადაეცი, სანამ აჭარიდან გადმოგიყვანდა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად? ჩაგისვა ჯიბეში? ხელის ბიჭი ხომ ხარ? - არ არსებობს, ვერ გადაგარჩენს", - მიმართა მელიამ თამაზ დარჩიძეს.

თავის მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა "ტყუილი" უწოდა ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განმარტა, რომ ადგილი აქვს იგივე კამპანიას, რასაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ჰქონდა.

"ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება, გაცვლიდა თუ არა ფართის უცვლელად ტერიტორიას სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმჯელეთ 2 თვე სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ, რომ ტერიტორია, რომელიც შესაძლოა შემოსულიყო ჩვენს შემადგენლობაში, იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის, ვიდრე ის რაც გვქონდა. ბუნებრივია, ჩვენ გავცვალეთ ტერიტორიები", - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი "ბიძინა ივანიშვილმა წაართვა".

რაც შეეხება თბილისის მერიის პოზიციას, ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი უწოდა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი ტერიტორიის ჩანაცვლება.

"ბოტანიკურმა ბაღმა ამ ჩამოჭრილი 4 ჰექტარის ნაცვლად ბევრად უფრო უკეთესი ტეროტირია მიიღო, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის ბოტანიკური ბაღისთვის ბევრად უკეთესი. ეს ტერიტორია გზის მიმდებარეა, რომელიც კრწანისი-შინდისის გზის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. მას არანაირი კავშირი რეზიდენციასთან არ აქვს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რჩება ძველ მოცულობაში. უბრალოდ საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოტანიკური ბაღისთვის უფრო მომგებიანია მცენარეების თვალსაზრისით და ასევე იმ ტურისტული მიზნებისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს შეიძლება გააჩნდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.

წაიკითხეთ: "შენ ხარ ძალიან დიდ შარში, ამაზე აგებ პასუხს" - დაპირისპირება "ნაციონალებსა" და ბოტანიკური ბაღის დირექტორს შორის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."