"მომხდარი მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესშია, რომელიც ოდესაში ზის" - ექსპერტების შეფასებები თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე

"მომხდარი მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესშია, რომელიც ოდესაში ზის" - ექსპერტების შეფასებები თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე

გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 პირი, მათ შორის ერთ-ერთი თარგამაძის პირადი მძღოლია, დანარჩენი კი გამვლელები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ექსპერტები მომხდარ ფაქტზე განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და დროულად გამოვლინდნენ დამნაშავეები.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ყველაზე მაღალი ალბათობით, გივი თარგამაძის აფეთქება არა ხელისუფლების ან "ნაციონალური მოძრაობის", არამედ მესამე მხარის მოწყობილია.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ორი ძირითადი ვერსიის განვითარება, რომ ამ ფაქტის უკან ხელისუფლება ან თავად გივი თარგამაძე დგას, არწმუნებს, რამდენად ღრმად დეგრადირებულია ქართული პოლიტიკური კლასი.

წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ცნობილი ქართველები "ფეიბუქში"

"არცერთი ეს ვერსია არ არის სიცოცხლისუნარიანი. როდესაც ასეთი რაღაცა ხდება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოტივზე. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებას არ აწყობდა, შესაბამისად, ხელისუფლებისადმი ბრალდება არის არასწორი, იმიტომ რომ მოტივი არ ჩანს. თვითაფეთქების ვერსიაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ფანტასტიკის სფეროდანაა. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კლასი დაკავებულია იმით, რომ ნებისმიერი უბედურება გამოიყენონ პოლიტიკურ პროცესში დაპირისპირებისთვის და ძალიან მარტივ ლოგიკურ დასკვნებს არ დაგიდევენ. ძირითადად, ორ მონოლოგს აქვს ადგილი და ვერანაირად დიალოგში ვერ გადადის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან საფრთხესთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოტივზე, ეს შეიძლება ყოფილიყო, ერთი მხრივ, წინასაარჩევნოდ არეულობის ინსცენირება და პირადი პრეტენზიები. ეს ორივე მოტივი კომპლექტში აქვს ერთ-ერთ ქვეყანას - რუსეთს, სადაც სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, ე.წ. Боло́тное де́ло არსებობს, რომლის ფიგურანტი გივი თარგამაძეა და ეს ძალიან სენსიტიური თემაა მათთვის. გასაკვირია, რომ უცხო ქვეყნები, არამხოლოდ რუსეთი, რაღაცნაირად ირიბად დაინტერესებული იყვნენ სიტუაციის არევაში?! შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ალბათობით ეს არის მესამე მხარის გაკეთებული. თუმცა არც გამოძიება და არც პოლიტიკური ელიტა იქით არ იხედება, რომ სახელმწიფო რისკები დააზღვიოს, სახელმწიფო არავის აინტერესებს. ორივე მხარე ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და ასეთი ბოღმით სავსე ორი მონოლოგის მოწმეები ვხდებით. ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა არის იმდენად დეგრადირებული, რომ არათუ სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის უნარი არა აქვს, არამედ ძალიან მარტივ საფრთხეებზე ღირსეული პასუხის უნარიც აბსოლუტურად დაკარგული აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

მომხდარში "ნაციონალური მოძრაობის" მოტივს ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. "თუნდაც მათი მხარდამჭერებისთვის ეს ფაქტი გაზრდიდა "ქართული ოცნების" მიმართ საპროტესტო მუხტს" - ამის შესახებ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"გივი თარგამაძის ლიკვიდაცია რომც მომხდარიყო და საბედნიეროდ არ მოხდა, ეს "ქართულ ოცნებას" მაინც არაფერს მისცემდა. არ არის გივი თარგამაძე ის ღერძი, რომლის გაუნებელყოფითაც "ნაციონალურ მოძრაობას" რამე შეეცვლებოდა. ასე რომ, მე ვერ ვხედავ "ქართული ოცნების" მოტივს, თუკი დავუშვებთ რომ ის არის ამის ინიციატორი. "ნაციონალური მოძრაობის" მოტივს კი ვხედავ, რადგან თუნდაც მათი მხარდამჭერებისთვის ეს ფაქტი გაზრდიდა "ქართული ოცნების" მიმართ საპროტეტსო მუხტს, მითუმეტეს, მოხდა აფეთქება, რომელშიც გივი თარგამაძე არ დაზიანებულა," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ შესაძლოა აფეთქების შესახებ თავად გივი თარგამაძეს სცოდნოდა, რისი თქმის საფუძველსაც, მისი განმარტებით, თარგამაძის არაადეკვატური რეაქცია აძლევს. "ძალიან მშვიდი იყო და არ ეტყობოდა შოკში ჩავარდნა," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

"ვიყოთ ცინიკოსები, მაგრამ ნუ ვიქნებით იდიოტები, ცხადია, რომ ხელისუფლებას ეს აფეთქება არაფერში აწყობდა" - ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების კომენტირებისას განუცხადა.

გორგილაძის შეფასებით, მისთვის ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევდა მას, ვინც ახლა ოდესაშია.

"პირველ რიგში ის კითხვა უნდა დაისვას, თუ ვის აწყობდა ეს ტერორისტული აქტი ქალაქის ცენტრში. ქვეყანაში, რომელიც ამაყობს თავისი უსაფრთხოების ხარისხით, მმართველი პარტია, სახელისუფლო გუნდი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში, ამ ყველაფრის ფონზე, როცა კვლევებით დასტურდება, რომ მმართველ პარტიას აქვს პრაქტიკულად სამმაგი უპირატესობა, "ნაციონალურ მოძრაობასთან", გასაგებია, მომხდარი ვის აწყობდა. საკითხის ცინიკური დასმაა, მაგრამ ვიფიქროთ იმ შესაძლებლობაზე, რომ ეს სახელმწიფომ ჩაიდინა, რაკი ვართ ცინიკოსები ვიყოთ, მაგრამ ნუ ვართ იდიოტები. ხელისუფლებას რომ არაფერში აწყობდა ეს და მომხდარი მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესშია, რომელიც ოდესაში ზის ახლა, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია", - განაცხადა გორგილაძემ.

მისივე თქმით, ვითარების დაძაბვა და იმის ძახილი, რომ დევნიან ოპონენტებს და უწყობენ ტერიტორისტულ აქტებს, ცხადს ხდის, თუ ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი.

"რაღაცა ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს ის, ვის მიმართაც ტერორისტულ აქტს აწყობ, რა ღირებულება აქვს გივი თარგამაძეს, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებიც კი არ არის "ნაციონალურ მოძრაობაში", ვფიქრობ, რომ თავად ბატონი მსხვერპლი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა პოლიტიკურ გუნდში არის, როცა მზად არიან, ასე გაწირონ, პოლიტიკური ქულების დასაწერად და პოლიტიკური ვითარების ესკალაციისთვის. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არც ხელისუფლების და არც ქვეყნის ინტერესში არ იყო", - აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომხადარი იმ ე.წ. რევოლუციური სცენარის ნაწილი იყოს, რაზეც ხელისუფლება საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, გორგილაძემ უპასუხა, რომ ყველა შემთხვევაში, მომხარი ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ აწყობს, რადგან ეს აზარალებს ქვეყანას.

"გვინდა თუ არა სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მათ შორის უნდა აღკვეთოს ყველა შესაძლო პროვოკაცია, აბსოლუტრად დაუშვებელია, როცა ქალაქის ცენტრში ხდება მსგავსი რამ. სხვა მოქალაქეებს ექმნებათ საფრთხე და ეს ყველაზე საგანგაშოა. ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია და აქვს სწრაფვები პათოლოგიური ნეგატიური ფონების შექმნას, ეს არახალია და ეს ვიცით ხურჩას ინციდენტიდან. მსგავსი აქტების განხორციელება არის ბუნებრივი თვისება, რაც ამ მოძრაობას ახასიათებს", - აღნიშნა სოციოლოგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."