რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს.

როგორც გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, ვერ გამოიწვევს.

"17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა. დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით დაადგინა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა 5.1 პირველი მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3 მუხლი, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს და რომ ამ მხრივ, 2013 წლის მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი;

ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3 მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგობლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შესახებ და მოსამართლემ ისე, რომ არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, ეს შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს, რა თქმა უნდა, მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად;

წაიკითხეთ: ზაზა ბიბილაშვილი - "ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა ხელისუფლების უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა"

მე-18 მუხლთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები სერიოზულად გაიყო და 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე მე-18 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თავად მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, დიდმა პალატამ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."