"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

2014 წლის 30 იანვარს საქართველოში ისევ  2009 წლის 5 მაისია – იმ დილით და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, შეკითხვებით - რა მოხდა? ვინ....? როგორ...? სად...?, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, იგივე აქტუალურობით გაცოცხლდა. გუშინ საღამოს გავრცელებულმა ვიდეომ და ვანო მერაბიშვილის მიერ ნათქვამმა ფრაზამ, რომ "ორი გვამი სჭირდება", მუხროვანის სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენა... Youtube-ზე ატვირთული ვიდეოკადრების შემდეგ საზოგადოებამ ისევ თავიდან უნდა გაარკვიოს, ეს იყო კრიალაშვილი-ოთანაძე-ამირიძის "აყვანის", თუ "ლიკვიდაციის" ოპერაცია...

შეკითხვები კი საზოგადოებას მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის პროცესმა და მაშინდელი შს მინისტრის ბრძანებამ გაუჩინა – მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვს: "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, თუმცა "გვამში" გვამი არ იგულისხმებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მტკიცებით. გივი თარგამაძე, რომელმაც ყოფილი შს მინისტრის დაცვა წუხელვე სცადა, თავს დებს, რომ "ამბოხებულთა ლიკვიდაცია თვითმიზანი არ ყოფილა და ეს რომ სდომოდათ, არ გაუჭირდებოდათ". საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატი იმასაც განმარტავს, რომ ვანომ სამხედროებს უბრალოდ "ადეკვატური რეაგირების" ბრძანება მისცა იმ შემთხვევისთვის, თუკი კრიალაშვილი-ოთანაძე-ამირიძის შეიარაღებული ტრიადა წინააღმდეგობას გასწევდა...

მერაბიშვილის მიერ ნახსენები სიტყვა "გვამის" მნიშვნელობა თარგამაძისეულად ახსნა უგულავამაც. დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში მერაბიშვილის, სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების გვერდით ასევე ფიგურირებს, საზოგადოებას არწმუნებს, რომ საქმე მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გრამატიკულად არც თუ ისე გამართული საუბრის მანერას ეხება. გივის მსგავსად გიგიც განმარტავს, რომ მერაბიშვილის "გვამში" "წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება" იგულისხმებოდა და ყველას, ვისაც ამის დაჯერება არ უნდა, შეახსენებს, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ოთანაძეს და ამირიძეს სახელმწიფომ უმკურნალა...

"გვამი" გვამია ირაკლი სესიაშვილისთვის. ოპოზიციონერი კოლეგისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის დეპუტატს მერაბიშვილის ბრძანება პირდაპირი მნიშვნელობით ესმის – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მკვლელობის დაკვეთაზე საუბრობს, მაშინ, როცა მისივე განმარტებით, მერაბიშვილის, როგორც პირველი პოლიციელის პირდაპირი ვალდებულება სიცოცხლის გადარჩენა იყო...

იმაში, რომ ვანო მერაბიშვილმა "გვამში" ის იგულისხმა, რაც თქვა, ეჭვი არ ეპარებათ არც ამბოხების ბრალდებით დაკავებულ პირებს. ისინი ყოფილი შს მინისტრის ბრძანების ადრესატად საკუთარ თავს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ მერაბიშვილმა მათთვის, ვინც ისინი ჩაცხრილა, პრემიის სახით 12-12 ათასი ლარი გაიღო.

"ინტერნეტში გავრცელებული კადრები უშუალოდ 5 მაისს არის გადაღებული მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, გამშვებ პუნქტზე და იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებში ჩანან და რომლებიც განკარგულებებს გასცემენ, პირადად ვიცნობ. ისინი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან. ეს არის პერიოდი, როდესაც სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გავდიოდით და როდესაც ბლოკირება ხდებოდა ტერიტორიის. ჩემი ინფორმაციით, იმ ვერტმფრენით, რომელიც კადრებში ჩანს, ჩვენი ძებნა ხორციელდებოდა... ვიცი, რომ 12-12 ათასი ლარი აიღო იმ სამმა კაცმა, ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა", - აცხადებს ამირიძე.

თითქმის 4 წლის წინ მომხდარი დღესაც დეტალურად ახსოვს კობა ოთანაძესაც. ამბოხის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს მეხსიერებიდან მათი ჩაცხრილვის ოპერაციის არც ერთი დეტალი არ წაშლია:

"აყვანის სპეცოპერაციის დროს მათ სამარშრუტო ტაქსი მოგვიგზავნეს, სადაც სამი სპეცრაზმელი იჯდა - უკნიდან გვესროლეს და სასიკვდილოდ გაგვწირეს. როცა დაჭრილები ძირს გადმოგვყარეს, წიხლებს გვირტყამდნენ, ხოლო შემდეგ საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. მიუხედავად ამისა, ცოცხალი გადავრჩი. გადარჩა მაიორი ლევან ამირიძეც, ხოლო გენერალი გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა. მორგში წაგვიყვანეს და რომ გვნახეს, კიდევ ცოცხლები ვიყავით, მერე საავადმყოფოს ექიმებმა მოახდინეს ჩვენი გადაყვანა", - იხსენებს ოთანაძე.

ამბავს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაცაა, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ "დადგმულ სპექტაკლად" აფასებს კობა კობალაძეც. წინა მთავრობის მიერ ამბოხების ბრალდებით დაკავებული და ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რეალური ისტორიის თუ შეთხზული ზღაპრის სხვა თანამონაწილეებთან ერთად საქმეზე ხელახალ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

"ისინი არიან ხროვა, რომელიც ეძებს ნადავლს. ბელადმა გასცა ნადავლის დავალება და ორის ნაცვლად მას სამი გვამი მიართვეს. საბედნიეროდ, ორი ღმერთმა გადაარჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ამირიძეს - 9 და კობა კობალაძეს 7 ტყვია ესროლეს. ამ ვიდეოში ის დღეა ასახული, როდესც მე დამაკავეს, ბაზაში შევარდნენ. ამ ყველაფერში იკვეთება არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ ყოფილი ე.წ. მთავარსარდლის დანაშაულიც, გამოძიება უნდა დაიწყოს", - ამბობს კობა კობალაძე.

გამოძიება კი დაწყებულია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, დანაშაულის ნიშნები დაინახა – უწყება განმარტავს, რომ გამოძიების მიზანი მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერების დადგენა იქნება.

და ბოლოს, რა, ან ვინ იგულისხმა სიტყვა "გვამში," ცოტა ხნის წინ თავად სკანდალური ბრძანების ავტორმა და ყოფილმა შს მინისტრმა განმარტა. ვანო მერაბიშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნულ სიტყვაში სწორედ ის იგულისხმა, რა მნივნელობაც მას აქვს, ოღონდ ერთი დაზუსტებით – ბრძანების ავტორი ამტკიცებს, რომ ის არა ქართველი ყოფილი სამხედროების, არამედ "რუსი მრჩევლების" გვამებს ითხოვდა, რომლებიც "აჟიოტაჟის ატეხვისა და კვალის დაფარვის გამო მოკლეს". 

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის ამბოხებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. ეს ორი რუსი მრჩეველი აჟიოტაჟის ატეხვისა და კვალის დაფარვის გამო მოკლეს. მე ვიძლეოდი მათი გვამების პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან", - ამტკიცებს მერაბიშვილი.

ასევე იხილეთ: "ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა