რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის

 რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის

ბოლო განახლება | "19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია" - სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურის ახალ ბრალდებაზე

დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ხარჯების დეტალურ ჩამონათვალს.

ამონარიდი პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან:

"თვალსაჩინოებისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი დეტალურად.

მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი;

მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;

გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი;

მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი;

მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.

ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.

ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ