ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ტაძრების ძარცვისა და დარბევის გაუხმაურებელი ფაქტები საქართველოში

ტაძრების ძარცვა მართლმადიდებელი ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა. საქართველოში კი მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება. შემზარავი იყო ორი დღის წინ თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიის ძარცვის ფაქტი. მომხდართან დაკავშირებით, ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით, დღეს 17 და 15 წლის ახალგაზრდები დააკავეს.

ვანდალური ქმედების შედეგად დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.

"შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - ამბობენ თვითმხილველები.

ბოლო წლების განმავლობაში ტაძრების დარბევისა და ძარცვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2011 წლის 6 ივნისს თბილისში, უზნაძის ქ. N47-ში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია გაძარცვეს.

ეკლესიის მესანთლე ნინო ქებაძე ამბობდა, რომ დილით ტაძარში მისულს საკურთხევლის კარი ღია დახვდა. მესანთლეს წაღებული დახვდა სანთლების გაყიდვიდან შემოსული თანხა, სავარაუდოდ, 50 ლარამდე.

ეკლესიის სტიქაროსანი კი აცხადებდა, რომ საკურთხეველში გატეხილი იყო ეკლესიის მოძღვრის კარადა, საიდანაც წაიღეს ჯაჭვი, რომელიც, სავარაუდოდ, ქურდებს ოქროსი ეგონათ, თუმცა ის ჩვეულებრივი ლითონისგან არის დამზადებული. ასევე, წაღებული იყო შესაწირი ყუთი.

2011 წლის 19 იანვარს გურამიშვილის გამზირზე კინოთეატრ "საქართველოს" გვერდით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს. მძარცველებმა შესაწირი ყუთები გატეხეს და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.

ეკლესიის სტიქაროსანი აკაკი ტატიშვილი აცხადებდა, რომ ტაძრიდან, სავარაუდოდ, 10-15 ლარი იყო წაღებული. ეკლესიის მრევლი ამბობდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკლესია მესამედ გაძარცვეს.

2013 წლის 29 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, N14 საჯარო სკოლასთან მდებარე მამა დოსითეოზის სახელობის ეკლესიიდან უცნობმა პირებმა შესაწირ ყუთში არსებული ფული წაიღეს.

"შესაწირ ყუთში რა თანხა იყო, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ასეთი მასშტაბური შემთხვევა პირველია. ქურდობა გიორგობის ღამეს მოხდა," - აცხადებდა ეკლესიის მესანთლე ნელი ფრუიძე.

ტაძრის მრევლის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ეკლესიაში შემოსული ფულადი შემოწირულობა ხშირად იკარგებოდა.

2013 წლის 9 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში მდებარე სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში მისულ ეკლესიის მსახურებს ტაძრის კარი გატეხილი დახვდათ. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ გატეხილი იყო შესაწირი ყუთების ბოქლომებიც, საიდანაც თანხა მოიპარეს. საქმეში თავის დროზე აქტიურად ჩაერთო შსს-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო.

2014 წლის 5 იანვარს სოფელ გლდანში მდებარე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის კელია გაძარცვეს. მძარცველებმა წაიღეს მოძღვრის პირადი ნივთები და დაახლოებით 3 000 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული.

2014 წლის 29 ივლისს რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. მოიპარეს წმინდა ნიკოლოზის ხატისთვის შეწირული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

"ხშირად, მრევლი გვიან ღამითაც ამოდის, ამიტომ, ტაძარს არ ვკეტავთ, მაგრამ დაკეტილია წმინდა ნიკოლოზის ხატის საცავი, სადაც შემოწირული სამკაულები იყო მოთავსებული. საკეტი გატეხილი არ ყოფილა, როგორც ჩანს, მძარცველებმა, რაღაც ბასრი საგანი გამოიყენეს და ასე გასწიეს საცავის ჩარჩო გვერდზე. არ ვიცით, რა ღირებულების სამკაულებია წაღებული, ეს იყო მრევლის მიერ შემოწირული ძვირფასი ლითონების ნაკეთობები", - აცხადებდა მამა ნაომი.

Ambebi.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, თუ რამდენი ადამიანია დაპატიმრებული ტაძრის გაქურდვისთვის. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, აღნიშნული დანაშაულებები ქურდობის მუხლით (177-ე) დაკავებულთა სტატისტიკურ მონაცემებშია მოქცეული.

რაც შეეხება დანაშაულის მორალურ მხარეს, ამაზე სასულიერო პირები საუბრობენ.

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტაძრის გაქურდვა ძალიან დიდი ცოდვაა.

"ტაძრის გაქურდვის ცოდვაზე უარესი რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა? წარმოდიგინეთ, რომ ტაძარი არის ქრისტეს მისტიური სხეული, ამ სხეულს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ და რაღაც ნივთებს იპარავენ, ეს უმძიმესი ცოდვაა. ეჭვი მეპარება, რომ ამას ნორმალური ადამიანი აკეთებდეს. ალბათ, ყველაფერზე ხელი უნდა ჰქონდეს აღებული ადამიანს, როდესაც ასეთ საშინელ ცოდვაზე მიდის. განა რა უნდა გაიტანოს ტაძრიდან, რა გვაქვს იმისთანა?! რა თანხა უნდა გაიტანოს ტაძრიდან და რა სარგებელი უნდა ნახოს ადამიანმა, რომ ასეთ საშინელ ცოდვაზე წავიდეს და ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინოს. რელიგიური ადამიანებისთვის ეს სიწმინდეების შეურაცხყოფაა", - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისი თქმით, ტაძრების გაქურდვასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის, რაც სმენია, შემაშფოთებელია. როგორც მამა მიქაელი ამბობს, ამ ცოდვას ძირითადად არამართლმადიდებელი და არაქართველი ადამიანები ჩადიან.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ასეთი რამეები ხდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ძირითადად ამას არამართლმადიდებელი და არაქართველი ადამიანები აკეთებენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სხვა სარწმუნოების ადამიანებმა განახორციელეს ეს. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ თვითონ ქრისტიანებიც ჩადიან ამას", - განაცხადა მამა მიქაელმა.

ყველაზე ვანდალური ფაქტი, რაც მართლმადიდებლებს ახლაც ახსოვთ, ეს არის ფერიის მთაზე მდგომი თითქმის დასრულებული ტაძარი, რომელიც ერთ დილას ფერიელებს მიწასთან გასწორებული დახვდათ. მაშინ ითქვა, რომ ტაძრის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა.

თეა ბითაძე

იხილეთ ასევე: შეურაცხყოფილი მართლმადიდებლის წერილი "ენჯეოშნიკებს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ