დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

წაიკითხეთ: დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ