რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ახალგაზრდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი იყო.

ავარიის მეორე დღეს, ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა. კუპრავა წერდა და საზოგადოებაშიც აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ პატრულმა, რომლის მოთხოვნას, გაეჩერებინა მანქანა, ნასვამი მძღოლი რამდენჯერმე არ დაემორჩილა, ტრაილერით გადაუკეტა გზა მძღოლს.

Ambebi.ge ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს დაუკავშირდა, რომელიც ავარიის თვითმხილველია და რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გადაკეტვა აიძულეს:

- 6 წელია ტრაილერზე ვმუშაობ და ტვირთი გადამაქვს. იმ ღამეს გორის გვირაბთან მყავდა გაჩერებული ტრაილერი და მეძინა. დაახლოებით 4 საათზე გამაღვიძა ორმა პატრულმა, მითხრეს გზა უნდა გადაგვიკეტოო, არც მიკითხავს რატომ მთხოვდნენ ამას, დავემორჩილე პატრულს და გვირაბთან გზა ჩავკეტე.

- რამდენ ხანში მოხდა შეჯახება?

- გზა როცა ჩავკეტე, ევაკუატორი მოვიდა და დაახლოებით 15 წუთში მაღალი სიჩქარით მომავალი ჯიპი ჩემს ტრაილერს შეეჯახა. საწყალი ბიჭი ადგილზე დაიღუპა. როცა მივხვდი რა გავაკეთე, ნერვიულობისგან გავითიშე და რაღაც პერიოდის მანძილზე აღარ მახსოვს რა ხდებოდა. როცა გონზე მოვედი, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები, ასევე გარდაცვლილის მშობლები. ტრაგედია ტრიალებდა ადგილზე, ვერ გადმოვცემ იქ რაც ხდებოდა. ახლაც შოკში ვარ, არასდროს მსმენია ასეთი რამ... სადღაც მაინც რომ დამეშვა, თუ რატომ გადამაკეტინა გზა პატრულმა, არ დავემორჩილებოდი.

- იცით იმ პატრულის გვარი და სახელი ვისი მოთხოვნითაც გადაკეტეთ გზა?

- არაფერი არ ვიცი. გამთენიისას ჩემი ტრაილერი და ის მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. მანქანა ახლაც იქ დგას ჩემი, გამომძიებელს როცა დავურეკე მუთხრა ჯერ ვერ გაიყვანთ თქვენს ტრაილერსო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატრულმა გზა ტრაილერით გადაკეტა მძღოლის შესაჩერებლად. მათივე ინფორმაციით, საქმე ძიებისთვის გადაეცა მთავარ პროკურატურას. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, მოძრაობის წესების დარღვევითა და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ