რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს

რა ვიცით ჩატაევის თანამზრახველ შუიაფ ბორზიევზე, რომელიც "ინტერპოლით" იძებნებოდა და თბილისში დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

საგანგებო პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

შუიაფ ბორზიევი საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ერთ-ერთი თანამზრახველია. ის ერთადერთია, რომელიც თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას გადაურჩა, რადგან ის ქართველმა სამართალდამცველებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დაწყებამდე, ცოცხლად აიყვანეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი კი ოპერაციის მიმდინარეობის დროს იქნა ლიკვიდირებული, მათგან ერთმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

"ინტერპოლის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შუიაფ ბორზიევზე გარკვეული ინფორმაცია მოიპოვება. ის 23 წლისაა, დაბადებულია 1994 წლის 27 ივლისს, ჩეჩნეთის პატარა დასახლებაში ახკინჩუ-ბორზოიში. ბორზიევი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდა არალეგალურ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის. ამჟამად ბორზიევს საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წაიკითხეთ: რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ