"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს

"იყო ფურთხებაც, დამამცირებელი მოპყრობაც, გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!" - ზვიად რატიანი მასსა და პოლიციელებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც რატიანი აცხადებს, დაზიანებები, რომელიც სამი შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა, პოლიციელებმა მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, ფიზიკურის გარდა, პოლიციელები მას სხვა სახის შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

"ის დაზიანებები, რომელიც აღმენიშნება, მიყენებული მაქვს პოლიციისგან. რამდენჯერმე ჩამიტარდა შემოწმება. პირველად გამსინჯა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, შემდეგ გამსინჯეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში და შემდეგ უკვე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მთავარი დაზიანებები მაქვს თავის არეში. თვითონაც ამბობდნენ, რომ სახეში არ დაერტყა არავის. მაქვს დაზიანებები ასევე ზურგზე, ფეხებსა და ხელებზე, მაგრამ ეს უკვე ძირს თრევის შედეგია. იქ არა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, არამედ ფურთხებაც იყო და დამამცირებელი მოპყრობაც. დიდი ხნით მიჭერდნენ ყელში და ვერ ვახერხებდი ჩასუნთქვას", - აღნიშნა რატიანმა.

პოეტი არ უარყოფს, რომ სამართალდამცველებს აგინებდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს იყო იმ ქმედებების შედეგი, რასაც სამართალდამცველები მის წინააღმდეგ ახორციელებდნენ.

"შეიძლება ნასვამობამაც ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ფხიზელიც რომ ვყოფილიყავი, იმ შეურაცხყოფებისა და ფიზიკური წამების ფონზე, სულაც არ გამოვრიცხავ იგივე რეაქცია მქონოდა. გინება არ არის ჩემი საუკეთესო და ძლიერი მხარე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყავი აბსოლუტურად უკონტროლო, მათ შორის ჩემი ლექსიკიდან. ალბათ არის კადრები, სადაც თვითონ ანგელოზებად ჩანან და მომიწოდებენ მოქალაქეს ზრდილობისკენ იმ მოკლე პერიოდში, მე კი განვაგრძობ ჩემს ბილწსიტყვაობას. რომც არ ყოფილიყო კადრები, მე ამას არც დავმალავდი", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, არ ახსოვს თუ რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა მასზე ფიზიკურ ძალადობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ სახეზე რამდენიმე მათგანი დაიმახსოვრა და მათ ამოცნობასაც შეძლებს. მას ასევე არ ახსოვს, ეცვათ თუ არა აღნიშნულ პირებს პოლიციის ფორმები.

"მცემეს რამდენჯერმე. ყველაზე დიდხანს მცემდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სანამ შემიყვანდნენ. გაიჟღერა კიდეც ბოლოს - "ხომ არ მოვკლათ?!". პოტენციურად ისინი არიან მკვლელები. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოძიება. არ ვიცი, როგორ შეაფასებს სასამართლო ჩემს რეაქციებს, მაგრამ ჩემი არაადეკვატური საქციელი იყო პასუხი მათ გაცილებით უფრო არაადეკვატურ ქმედებებზე", - განაცხადა რატიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ