"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 ათასი ქართველი გაგზავნა. მათგან 300 ათასზე მეტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა... მას შემდეგ 70 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ შინმოუსვლელ ქართველებს დღემდე ეძებენ ოჯახის წევრები და ნათესავები... ცნობილია, რომ ქერჩის ნახევარკუნძულის ბრძოლებში 224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა. დაკარგულად ითვლებოდა მათი პირადი მონაცემებიც...

ჩვენს მიერ მეორე მსოფლიო ომზე მომზადებულ სტატიებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში გვესტუმრა ადამიანი, რომელმაც აღმზრდელი ბებიისთვის მიცემული პირობა შეასრულა და მისი სიკვდილის შემდეგ, ქერჩში, ბაბუის, ბებიის ძმის საფლავის მოსაძებნად გაეშურა...

მამუკა კვარაცხელია:

- ბებიაჩემი, ეკატერინე (ქართლურად, კატო), რომელიც დედასავით მიყვარდა, მთელი ცხოვრება ელოდა მის ერთადერთ ძმას, ქიტას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 19 წლის წაუყვანიათ. რადგან ოჯახში ერთი ბიჭი იყო, რამდენჯერმე გადარჩენილა, მაგრამ ერთ დღეს სოფლის თავმჯდომარის შვილს მოსვლია გაწვევა და იმანაც შვილის ნაცვლად ქიტას უკრა ომში თავი... ვერც იმ სოფლის თავმჯდომარის ოჯახმა გაიხარა თურმე: ყველა დაიხოცაო, ვერც შვილმა გაიხარა და ოჯახი მთლიანად ამოწყდა...

ქიტას დაბადებამდე ბებიას მშობლებს სამჯერ ეყოლათ ვაჟი, მაგრამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით სამივე გარდაიცვალა. ქიტა მეოთხე "მცდელობა" იყო. ვიღაცას ურჩევია, - თუ ახლაც ვაჟი შეგეძინებათ, უფლის სახელი საარქვითო და მათაც დაუჯერებიათ. პირდაპირ ქრისტე ვერა, მაგრამ ქიტა დაარქვეს. მართლაც, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, არასდროს არაფერი წამოსტკენიაო, - იგონებდა ბებიაჩემი...

- ქერჩში იბრძოდა?

- დიახ, ქერჩში იბრძოდა და საშინელი პირობებისა და განსაცდელის მიუხედავად, დებს წერილებს, შეძლებისდაგვარად ხშირად უგზავნიდა და სულ ხუმრობდა. ბებიას თვალისჩინივით ჰქონდა მისი წერილები შენახული, ახლა მე ვინახავ... ომში იყო, მაგრამ ეტყობა, უშიშრად იყო, დებს ხშირად წერდა სახალისო წერილებს. ბებიაჩემი სულ მის ხსენებაში იყო, - ოცნებად ჰქონდა გადაქცეული მისი ნახვა.

წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო - "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

არასოდეს უთქვამს, დაიღუპაო, - ომში დაიკარგაო, ამბობდა ტირილით. როგორც ბებია და შვილიშვილი კი არა, როგორც მეგობრები ისე ვიყავით, ორჯერ გადავარჩინე სიკვდილს... დავპირდი, ქერჩში ჩავალ და შენი ძმის საფლავს ვიპოვი-მეთქი. 91 წლის გარდაიცვალა... წასვლამდე, სოფელ ატენში ავედი და მისი მშობლების საფლავიდან რამდენიმე პეშვი მიწა ავიღე. იქაურ კაცს, რომელიც ბებიის საფიცარი ძმის ომში წაყვანას მოსწრებია, სუფთა ღვინო გამოვართვი, ქერჩში წასაღებად მინდა-მეთქი... ეს იყო, 2005 წელს. კიევიდან ქერჩში ჩასულმა, სასტუმროშივე დავიწყე იმის გარკვვევა, სად უნდა მეპოვა ქართველების საფლავები...

- ქართველი მეომრების სასაფლაო ცალკე იყო?

- დიახ... ადგილობრივებმა მითხრეს, აქ ერთი ქართველი კაცი ცხოვრობს, რომელიც ქართველთა საფლავებს უვლის და პატრონობსო. ვიპოვე ეს კაცი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი, დრომ და ემოციამ დამავიწყა, რაც ძალიან მაწუხებს, რადგან მისი დახმარებით, მოვიარეთ მთელი ქერჩი, ქართველთა 6 სასაფლაო ვნახეთ, სადაც ათასობით ჩვენი თანამემამულე განისვენებდა...

- ქიტა პაპას საფლავს მიაგენით?

- ძალიან დიდხანს ვეძებე... იქაურ კომისარიატსა და არქივის სახლშიც ვეძებე, მაგრამ ვერანაირ საბუთს ვერ მივაგენი... მერე, ქართველების ყველაზე დიდ სასაფლაოზე წაგვიყვანა იმ კაცმა, სადაც თავად მას, შესასვლელთან მონუმენტი ჰქონდა აგებული, საეკლესიო ზარითა და ქართული წარწერით: "მგზავრო, შეჩერდი, აქ შენთვის დაღუპულები წვანან!.."

ეს ადგილი, სასაფლაოს ტერიტორია, უკრაინელი ცოლ-ქმრის, გვარად მილოსლავსკების (ან მიროსლავსკების) ყოფილა. მოხუცები, ავტომატის ჯერს რომ გაიგონებდნენ, უკვე იცოდნენ, რომ გერმანელმა ფაშისტებმა საბჭოთა ჯარისკაცი დახვრიტეს და ღამე, ჩუმად მიეპარებოდნენ, გვამი სახლში მოჰქონდათ და ქრისტიანულად მარხავდნენ. საბუთებს კი ინახავდნენ. ომის დასრულების შემდეგ, ეს დიდი რისკის ფასად შენახული დოკუმენტაცია ადგილობრივი კომისარიატისთვის გადაუციათ. მათი ეზო კი, სასაფლაოდ ქცეულა... დაკრძალულთა დიდი უმეტესობა ქართველები იყვნენ. რამდენიმე სომეხიც იყო, სავარაუდოდ, თბილისელი სომხები... როგორც უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა გვიამბო, შემდეგ, დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრს ჩამოაკითხა ჭირისუფალმა, ზოგმა საქართველოშიც გადაასვენა ოჯახის წევრის ნეშტი თურმე. ვინც ეს ვერ მოახერხა, - საფლავის ქვა დაუდგა.

წაიკითხეთ: ქერჩში დაკარგულების კვალდაკვალ - "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

ბევრი ვიწვალე, მაგრამ ქიტა პაპას საფლავი ვერც იქ ვიპოვე... უკრაინელი მოხუცების ეზო-სასაფლაოს კედელზე საბჭოთა მთავრობას დიდი სტელა ჰქონდა გაკეთებული, სადაც თუჯის თითო ოთხკუთხედზე ანბანის მიხედვით, დაკრძალული ჯარისკაცების გვარები იყო ამოტვიფრული... ვიფიქრე, აქ მაინც ვიპოვი ქიტას გვარს-მეთქი, მაგრამ თითქოს ბედის უკუღმართობით, მაინც და მაინც "შ" ასოს გაყოლებაზე მიწერილი გვარების ნიშანი იყო დაკარგული... შემდეგ ვნახე, რომ ქართველი მეომრების სურათები დაემტვრიათ... ეს ის პერიოდი იყო, როდესაც, რუსეთში ანტიქართული ისტერია მძვინვარებდა და ეტყობა, ვიღაცამ, არც მისი მშვიდობიანი ცხოვრებისთვის თავდადებული მეომრების ხსოვნა დაინდო... ერთი სიტყვით, ვერ ვნახე ქიტას საფლავი. ამ სასაფლაოდ ქცეულ ეზოში, ვიჯექი და ბავშვივით ვტიროდი...

- შესაძლოა, იყო ჩამონათვალში, ვიდრე ვანდალიზმს ჩაიდენდნენ.

- შესაძლოა, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ან ვერ მივუსწარი... ბებიას ბოლო სურვილი ვერ ავუსრულე. მაშინაც და ახლაც თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იმ ქართველების სულებს მოვეფერე, ვინც ბრძოლის ველზე, ბებიაჩემის საფიცარ ძმასთან ერთად დაეცა. იქ ერთი ვიპოვე უცნობი ქართველი ჯარისკაცის საფლავი, მის საფლავის ქვაზე არაფერი ეწერა. შესაძლოა, ჭირისუფალიც არ დარჩა. ქიტა პაპასთვის განკუთვნილი მისი სოფლიდან წაღებული ქართული მიწა იმ ჯარისკაცს დავაყარე გულზე და ატენური ღვინით ყველა დაღუპული ქართველის შესანდობარი ვთქვით...

ფრაგმენტები ქიტა შუღლიაშვილის მიერ ქერჩიდან მოწერილი წერილებიდან:

"დებო, ახლა თქვენი ნახვა ძალიან და დედაჩემის ჯავრი მაქვს... როგორ იქნებით, როგორ ცხოვრობთ... მომიკითხეთ ნაცნობები ყველა. მე ახლა ვარ სომხის სახლში, როგორც დედა ისე გვივლის ეს ქალი. მე და ერთი თბილისელი ბიჭი ვართ. იმისთანა სუფთათა ვართ. ჯერჯერობითი კარგად ვართ. მერე არ ვიცი, როგორ ვიქნები..."

"სალამი დას, ლიდას... ჩემო საყვარელო დაო, ლიდა. გისურვებ ცხოვრებაში წინსვლას და მუდამ ფეხის ნაბიჯზე გამარჯვებას. მართალია, მალმალე მომდის შენი წერილი, მაგრამ უფრო მალმალე გამომიგზავნე და ზაპასნოი ფურცლებიც გამოატანეთ, თორე ქაღალდზე ცოტა უკაცრავათა ვარ... ახლა ლიდა ამ წერილს რომ ვწერამ, ერთი გოგო მარჯვნივ მიმშვენებს გვერდსა და მეორე მარცხნივ. რუსის დუნკეები არიან. ოთახში ვწერ ლამფაზე. ახლა ნახვამდის სუყველას... 4/11.43წელი".

"სალამი დაო, კატო... ჩვენებს უთხარით, წერილზე ნუ დამენდურებიან. ჯერ ვერ მივწერ, მერე იმათაც გამოვუგზავნი. ახლა იმდენად არ მცალიან. წინა ხაზზე ვარ უკვე. ორჯერ ვიყავი, მაგრამ გადავრჩი... ეხლა არ ვიცი... კიდევ მოგწერამ თუ გადავრჩი. დედაჩემის ამბავიც გამაგებინე როგორ არის, ცოცხალია, თუ არა. კატო, ჩემი ველოსიპედის საქმე როგორ არის, ვისთან არის. მომწერე... იქნებ სულ დაჟანგებულია ან დამტვრეულია. კატო ჩვენი ბიჭები ვინ ჩამოვიდა ჯარიდან, ან ვინ წაიყვანეს, ან ვინ არის სახლში, მომწერე. ახლა ნახვამდის... 5 ოქტომბერი. 1943 წელი"

ეს იყო ბოლო წერილი, რომელიც ქიტა შუღლიაშვილმა ოჯახს გამოუგზავნა. შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. დები მას დაღუპულად არასდროს მოიხსენიებდნენ, დაიკარგაო, ამბობდნენ...

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე