საქართველოსთან ომის დროს რუსი სამხედროების მესამედი საბრძოლო მოქმედებების შედეგად არ დაღუპულა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ კრებულის - "ხუთდღიანი ომი" რედაქტორმა, რუსლან პუხოვმა განაცხადა.
პუხოვის ინფორმაციით, 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროების მესამედის დაღუპვის მიზეზი იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, "მეგობრული ცეცხლი" და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები გახდა.
მისივე მონაცემებით, რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსულ მხარეს მოწინააღმდეგის ცეცხლით 67-დან მხოლოდ 48 ადამიანი დაიღუპა. 10 სამხედრო ავტოავარიების დროს დაიღუპა, რომლებიც მთიანი ადგილებში, ვიწრო გზებით ჯარების სწრაფი გადასროლის დროს ხდებოდა.
ასევე, ბევრი რუსი სამხედრო შეტაკებების დროს არ დაშავებულა. მაგალითად, 429-ე მოტომსროლელთა ნაწილში ომის დროს 30 სამხედრო დაიჭრა, მაგრამ მოწინააღმდეგის ტყვიით მათგან მხოლოდ 2 იყო დაჭრილი; დანარჩენები მთებზე გადასვლის დროს დაშავდნენ.
პუხოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია საქართველოსთან ომში დაღუპულ რუსი სამხედროების ოფიციალური სია და მონაცემები სამხედრო ტექნიკის დანაკარგის შესახებ. მისივე თქმით, ანალოგიური ვითარებაა "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არმიებთან" დაკავშირებითაც.
"არ არის ცნობილი თუნდაც მიახლოებითი მონაცემები სამხრეთ ოსეთის არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებების და რუსეთიდან ჩასული მოხალისეების დანაკარგების შესახებ", - განაცხადა პუხოვმა და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ მსხვერპლისა და დანაკარგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
კრებული "ხუთდღიანი ომი" მომავალ კვირაში გამოვა.