"ის, რომ აზერბაიჯანი იარაღს იძენს, შეშფოთებას იწვევს, თუმცა არმიის მოდერნიზაციას ჩვენც ვახორციელებთ", - ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა მოვსეს აკოპიანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც 2010 წლის შეჯამებას მიეძღვნა.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ახალი იარაღის შეძენა 2011 წელსაც გაგრძელდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის არმია მის წინაშე არსებულ ამოცანებს სათანადოდ რომ ვერ ართმევდეს თავს, აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ ომს დაიწყებდა.
"აზერბაიჯანის მხრიდან ომის განახლებას ველოდები. 2010 წელს მთიანი ყარაბაღის არმიის ერთი ნაწილი ომისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყო. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ სერიოზული სამუშაო გავწიეთ. აზერბაიჯანი ომს მხოლოდ იმიტომ არ იწყებს, რომ ყარაბაღის დამარცხება შეუძლებელია. საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის არმიას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია", - განაცხადა მოვსეს აკოპიანმა.
მინისტრი 2010 წლის შედეგებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ყარაბაღის არმიის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ჩვენ ყოველდღე ომისთვის ვემზადებით. იქნება ომი, ჩვენც ვიომებთ, თუმცა ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკოსებს მოლაპარაკებებისთვის პირობები შევუქმნათ", - აღნიშნა მან.
მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.