სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ფრონტის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.
აზერბაიჯანულ პორტალ modern.az-ის ცნობით, დაპირისპირება სოფელ გიულისტანში დაიწყო, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ესაზღვრება.
შეტაკების მიზეზი აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის მეთაურთა ბრძანება გახდა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივებს საძოვრებით სარგებლობა ეკრძალებათ.
მოსახლეობის განცხადებით, სამხედრო ნაწილის მეთაურობა მათგან საძოვრების სარგებლობის უფლების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ითხოვს. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტთან დაკავშირებით რაიონის მცხოვრებლებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საჩივარი გაუგზავნეს.
ფრონტის ხაზზე კი ვითარება კვლავ დაძაბულია. ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა მსხვერპლის შესახებ მხარეები ინფორმაციას არ ავრცელებენ.
სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შეტაკებებს ხუთი აზერბაიჯანელი და ოთხი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.