"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"პატრიარქისგან რომ გამოვედით, მითხრა, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახეო"- დათო ოქიტაშვილი ეთერ კაკულიასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. მისი სურვილი და ხუმრობა, 102 წელი ეცოცხლა, ვერ გამართლდა და მხიარულ და სიცოცხლით სავსე ქალბატონზე სამწუხაროდ წარსულში გვიწევს საუბარი.

Ambebi.ge დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა:

- წარსულში მიჭირს ქალბატონ ეთერზე საუბარი... ჩვენი ბოლო შეხვედრა უწმინდესთან იყო, როდესაც ის "ქიმიის" ჩასატარებლად ისრაელში მიემგზავრებოდა. პატრიარქისგან რომ გამოვედით, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, - მგონი, უწმინდესი ახლა ბოლოჯერ ვნახე... მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მაგრამ ვხვდები, რომ ფიზიკურად ძალაც აღარ მაქვს...

ეს იყო ადამიანი, რომელსაც ცუდი კოლეგაზე არასდროს უთქვამს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. ქალბატონი ეთერი ქალაქს უყვარდა... როდესაც მეგობრებს, კოლეგებს, მთელ ქვეყანას ასე უყვარხარ, ეს დიდი ბედნიერებაა. ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს? ვიმეორებ, ძალიან ძნელია ეთერზე წარსულ დროში საუბარი და მინდა, მას ვუთხრა, რომ ის ყოველთვის ჩვენთან იქნება... ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ მასზე წარსულში ვილაპარაკო. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ.

- ქალაქის კოლორიტი იყო...

- გეთანხმებით, თავისი საოცარი იუმორი ჰქონდა, მუდამ მხიარული იყო... ვიმეორებ, ცუდი არასოდეს არავისზე უთქვამს, არავის იმეტებდა... ასე იცხოვრა...

- სულ იმას ამბობდა, 102 წელი უნდა ვიცოცხლოო...

- კი, ამაზე სულ იცინოდა, ვარსკვლავის გახსნის კონცერტი რომ გავუკეთე, მითხრა, - ოქიტ, რომ გამოვჯანმრთელდები, მერე მე და ნანი ბრეგვაძეს თბილისი "დინამოს" სტადიონზე კონცერტი გაგვიმართეო. ნანიმ ხუმრობით უთხრა, მე ამდენს ვერ ვიმღერებო. შენ ორი სიმღერით გამოდი, დანარჩენს მე შევასრულებო. ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და მაინც ხუმრობდა. ადამიანებს არ აჩვენებდა და აგრძნობინებდა იმას, რომ სერიოზულად ავად იყო. ნათელში იყოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE თანაგრძნობას უცხადებს მომღერლის ოჯახს.

ასევე იხილეთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია