რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

 რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

2013-2014 სასწავლო წლისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის 3 863 090 წიგნი დაბეჭდა განათლების სამინისტრომ და ბიუჯეტიდან ამისთვის 12 251 685 ლარი გამოიყო. წელს კი სამინისტრო ქართულენოვანი წიგნებისა და სამუშაო რვეულების დასაბეჭდად დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს ხარჯავს და მხოლოდ 45 ათასი(!) ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას გეგმავს. განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საწყობებში არსებობს ნახმარი, მაგრამ ვარგისი მარაგი, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

განათლების სამინისტრომ ტენდერი სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვაზე 26 ივნისს გამოაცხადა და 30-ში გამარჯვებული უნდა გამოაცხადოს. სატენდერო თანხა არა 2 მილიონი, არამედ 1 426 119 ლარია. მართლაც არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს ტენდერი თურქულმა კომპანიამ მოიგოს და წელს ქართული სახელმძღვანელოების ის მცირე რაოდენობაც კი თურქეთში დაიბეჭდოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დოლარში კონვერტირებული ეს 1,4 მილიონი ლარი ქვეყნიდან გავა, რაც ლარზე დაწოლას კიდევ უფრო გაზრდის და მცირე, მაგრამ დამატებით საფუძველს მისცემს გაუფასურებისთვის. კიდევ უფრო რომ გავამარტივო პრობლემათა არსი, იმ პირობებში, როცა ბიზნესის სტიმულირებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება ქართული წარმოების განვითარებისთვის, განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო შეკვეთა შესაძლოა თურქულმა კომპანიამ შეასრულოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი კომპანიის ნაცვლად, უცხოური კომპანიის ბიუჯეტში შევა თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ის თავის ქვეყანაში დაასაქმებს მუშახელს და თავისი ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანს ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან წაღებული თანხებით.

ეს კიდევ არაფერი, საინტერესოა, რაში დაიხარჯება დანარჩენი თანხა მინისტრის მიერ დასახელებული 6-მილიონიანი ბიუჯეტიდან, ანუ დაახლოებით 4,6 მილიონი ლარი. როგორც თამარ სანიკიძე ამბობს, ამ ფულს გამომცემლობებისგან არაგრიფირებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებული სახელმძღვანელოების შესაძენად გამოიყენებს. ჩვენ რამდენიმე ქართულ გამომცემლობას ვესაუბრეთ, მათ შორის "კლიოს", "დიოგენესა" და "შემეცნების" ხელმძღვანელებს. როგორც გვითხრეს, მათთვის სამინისტროს ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს. მეტიც, "დიოგენესთვის" უკვე ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო მათგან წელს ფრანგული ენის სახელმძღვანელოების შესყიდვასაც კი არ აპირებს. "მივმართე განათლების სამინისტროს შეკითხვის წერილით და ვცდილობ გავარკვიო, რატომ არ ყიდულობენ ფრანგულის სახელმძღვანელოებს. მივიღე წერილი, რომ წელს შეისყიდიან მხოლოდ ინგლისური და გერმანული ენის სახელმძღვანელოებს "მაკმილანის" და "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობებისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულს სწავლობენ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში" - ამბობს "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე.

თუ გავითვალისწინებთ საჯარო სკოლებში ინგლისური ენის შესწავლის მასშტაბებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ზემოთ მოყვანილი 4,6 მილიონი ლარიდან განათლების სამინისტრო უდიდეს ნაწილს სწორედ ბრიტანული გამომცემლობის, "მაკმილანის" ახალი სახელმძღვანელოების შესაძენად დახარჯავს. საინტერესოა, იმ ფონზე, როცა ახალი ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, ასე მასშტაბურად რამ დააზიანა ინგლისური ენის წიგნები, რომელიც სახელმწიფოს დაახლოებით 5-ჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე სხვა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ხარისხსა და წიგნის მოცულობაში განსხვავება პრაქტიკულად არ არის(!). თუმცა, ამ ჯერ კიდევ ამოუხსნელ ამოცანაზე არანაკლებ საინტერესო თავად "მაკმილანის" სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ისტორიაა, რომელიც საფუძველს ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იღებს.

თემის დეტალები

მეტი ინფორმაცია| თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია