თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელს უფლება აქვს, რომ ის შეაცვლევინოს

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. მოკლედ, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე მართალია უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

მშობელთა განცხადებით, ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს მათ შვილებს სკოლაში ახლებთან ერთად რამდენიმე ისეთი დაზიანებული წიგნი გადასცეს, რომლითაც სწავლა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ ზოგმა თავად უყიდა შვილს ახალი ან გამოყენებული, მაგრამ ნაკლებად დაზიანებული წიგნი ე.წ. "შავ ბაზარზე". მეტიც, სკოლასა და ერთ-ერთ მშობელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან ჩანს, რომ მესამე კლასის მოსწავლეს ერთი 7 ქულით და ორიც 8 ქულით შეფასებული წიგნი გადასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი სახელმძღვანელო, რომელიც მას სახელმწიფომ "აჩუქა", მინისტრის, თამარ სანიკიძისვე ბრძანების მიხედვით, უვარგისია გამოყენებისთვის.

მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი სკალით ფასდება და მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვა ან რვაზე ნაკლებია. მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ სკოლებმა მათგან სასწავლო წლის დასასრულს, მათივე გაცემული, თავიდანვე დაზიანებული წიგნები უკან ყოველგვარი შეფასების გარეშე მიითვალეს. როგორც ჩანს, ახლა განათლების სამინისტროსთვის

წიგნების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლის დასაწყისში გამოყენებისთვის უვარგისი სახელმძღვანელოები ახალ მფლობელს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გადაეცემა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ასეთი წიგნები ბავშვების ჯანმრთელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქაღალდი, რომელმაც რამდენიმე მფლობელი გამოიარა, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გადამტანი გახდეს.

მინისტრი მშობლებს კანონის წაკითხვას ურჩევს

ახალი სახელმძღვანელოების არდაბეჭდვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გაჩნდა საზოგადოებაში და განათლების მინისტრმაც ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ყველა სასკოლო საფეხურისთვის განკუთვნილი წიგნების ნაკრები დაახვედრა და პრესკონფერენციის დაწყებამდე იკითხა: "ნახეთ სახელმძღვანელოები? გადაათვალიერეთ? მერე რა უჭირს ამ სახელმძღვანელოებს, რომ გვიწუნებენ"? ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ის მიღება-ჩაბარების აქტი წარვუდგინეთ, საიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეს სკოლამ სამი გამოუსადეგარი წიგნი გადასცა, რაზეც მინისტრის ასეთი პასუხი მივიღეთ: "აი, ეს წიგნები უნდა დაგებრუნებინათ სკოლისთვის".

- სკოლას თუ უფრო ახალი წიგნი არა აქვს, საიდან უნდა მოგცეს მაგიერი?

- როგორ არა აქვთ, მათ თუ არ ჰქონდათ, ჩვენ გვექნებოდა საწყობში. დაერეკა მშობელს ცხელ ხაზზე და დავაკვალიანებდით, როგორ უნდა მოქცეულიყო.

- მშობელი არ უნდა ხარჯავდეს ამდენ დროს შვილისთვის სახელმძღვანელოს მოსაპოვებლად, მაშინ, როცა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ყველა მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს.

- ვერ გეტყვით... სკოლა რომ გავაკონტროლო, აუცილებლად რაღაც შეტყობინება უნდა შემომივიდეს, რომ ბავშვს მისცეს სახელმძღვანელო, რომელიც ჩემი დადგენილი წესის თანახმად, არ უნდა მიეცათ. ერთ წამში გავუშვებდი მონიტორინგს და იქვე გამოასწორებდა ყველაფერს.

განათლების მინისტრის ლოგიკა დაახლოებით ასეთია - თუ მოსწავლეს სკოლაში უვარგისი წიგნები მისცეს, მშობელმა, ფაქტობრივად, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას და სკოლიდან დაწყებული, რესურსცენტრის გავლით განათლების სამინისტროთი დამთავრებული, შვილისთვის ვარგისი სახელმძღვანელოების მოპოვებას უნდა შეეცადოს.

სტატიის სრული ვერსია

ასევე დაგაინტერესებთ| რატომ გააქვთ ქვეყნიდან ქართველ ჩინოვნიკებს მილიონები?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია