"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე

"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე

ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მილიონებად შეფასებული ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ ორად გაიყო - 50% მის მეუღლეს, ნატალია ზოლოტოვას ერგო, 50% კი - ანასტასია გონჩაროვას, რომელიც მიმდინარე წლის 19 იანვარს მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად აღიარა.

ის, რომ კახა ბენდუქიძეს ბიოლოგიური შვილი ჰყავდა, მისმა უახლოესმა ადამიანებმა და ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ბიზნესმენის პანაშვიდზე გამოჩენილი 24 წლის გოგონა ყველასთვის სიურპრიზი იყო. როგორც ბიზნესმენის და, ნუნუ ბენდუქიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ანასტასია მიიღეს და მას მამის ქონების 25% შესთავაზეს, მაგრამ გოგონამ ბევრად მეტი მოინდომა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მამიდა-ძმისშვილის ურთიერთობაც გაწყდა.

- ქალბატონო ნუნუ, ძმის ქალიშვილის - ანასტასია გონჩაროვას არსებობის შესახებ როდის გაიგეთ?

- კახას გარდაცვალებამდე დედამიწის ზურგზე არავინ იცოდა მისი არსეობის შესახებ არც ჩვენს ოჯახში და არც კახას უახლოესმა მეგობრებმა. მოსკოვში ერთ კიბის უჯრედზე რომ უცხოვრია და არაფერს უმალავდა, იმათაც კი არ იცოდნენ, რომ კახას შვილი ჰყავდა. როცა ეს ბავშვი გაჩნდა, მაშინ კახას ბევრი არაფერი ჰქონდა. ახლა, ანალიზს რომ ვაკეთებ, ვხვდები, რომ კახაზე ალბათ ზეწოლაც იყო, შანტაჟიც, რომ მისთვის მიეხედა. მერე ადვილად გადაწყვიტა ეს საკითხი - ინგლისში სწავლის ფულს უხდიდა. როგორც ჩანს, ბოლო ორი წელი უფრო ხვდებოდა მას. სულ 10 სურათი აქვს კახასთან გადაღებული და მათ ატრიალებს. კახას ბიოლოგიური შვილი კი არის და კანონით ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის - არაფერს... წარმოიდგინეთ, ნასტია დედამისმა გააჩინა სხვა კაცისგან და ქმარს აზრდევინებდა ისე, ვითომ მისი შვილი იყო. გესმით, რამხელა ამორალური საქციელია?!

...პირველად პანაშვიდზე ჩამოვიდა დედასთან და ვიღაც ქალთან ერთად. სამზარეულოში ისხდნენ, სადაც იყვნენ ჩემი მეგობრები და მითხრეს, რომ მათი მხლებელი ქალი ძალიან ცუდად იქცეოდა. ნასტიას რამეს რომ ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა. ჩემს მეგობარს უთქვამს, თქვენ რატომ გვპასუხობთ, უკვე დიდი გოგოა და თავად გვიპასუხებსო! ანასტასია ცოტა ხანს ჩემთან ცხოვრობდა და ყველა გავაცანი - ჩემი შვილი, შვილიშვილები... ამბობდა, ასეთი ოჯახი არ მინახავს, თურმე რას ნიშნავს კარგი ოჯახი, როგორ მიყვარხართო და ა. შ. ბოლოს ჩემმა მძღოლმა გააცილა და გადარეული იყო, ჩამეხუტა და ისე დავშორდითო.

...ჩვენ ნასტიასთვის ხელი არ გვიკრია. ორმოცზე მეც ვთქვი სიტყვა, ნატაშამაც (ბენდუქიძის მეუღლე) და ნასტიასაც მივეცი სიტყვა. მერე კი, კახას დაბადების დღეზე, ძალიან ცუდად მოიქცა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მეორე დღეს მიდიოდა უკან და მე - არა. ძალიან გვიან დაბრუნდა და თურმე იმ დღეს "ნანუკას შოუში" ჩაწერაზე მისულა. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგეგმილი იყო, საყვედური ვუთხარი - კახას დაბადების დღეზე ჩამოხვედი თუ ინტერვიუების მისაცემად-მეთქი. შვილს გეფიცებით, მითხრა, კახა აღარ არის და მე ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო.

წავიდა და მომწერა წერილი, რომელიც აშკარად იურისტის დაწერილი იყო. წერდა, მე მამის უღიარებელი შვილი ვარ, თქვენ მამიდა ხართ და დამეხმარეთ, რომ მემკვიდრედ მაღიარონო. მირჩიეს, არაფერი მეპასუხა. შევცდი, რომ არ ვუპასუხე. ნასტიას ჩვენ ვთავაზობდით კახას ქონების 25%-ს და ამასთან, შეინარჩუნებდა ჩვენთან ურთიერთობას, მაგრამ მან მეტი მოინდომა...

- მამას რითი ჰგავს?

- მხოლოდ ფიზიკურად ჰგავს კახას. სხვა მხრივ, ჩვენს ოჯახთან მსგავსება არ აქვს არც განათლებით, არც საქციელით. პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა თბილისში და დაუსტვინა, მაგიდაზე ხელიც დაურტყამს. ერთ პროფესორს უთქვამს, ახლავე ბოდიში მოიხადეთ, რას ბედავთო. ახლა ამბობს, მამის საქმე უნდა გავაგრძელოო. რომელი საქმე? უნივერსიტეტი არ არის ნივთი, ან ნატაშას მემკვიდრეობა, რომ ვიღაცის იყოს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე დაგაინტერესებთ: "მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო"

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა