"შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს" - პრემიერმა "აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა

"შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს" - პრემიერმა "აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა

"აუდიტორია 115"-ის წევრები და პრემიერ-მინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც სამუშაო ატმოსფეროში იქნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა. შ. ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე და ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვისმენთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა "აუდიტორია 115"-ს დღევანდელ შეხვედრაზე პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვა რად მინდა!"- პრემიერი სტუდენტებთა

"სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაზეც ვისაუბრე. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენ თხოვნას, ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ის შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც და მცირეხნიან შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

თავად "აუდიტორია 115" კი ამ დროისთვის ერთმანეთში კონსულტაციებს მართავს, რის შემდეგაც პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ მათი პოზიცია გახდება ცნობილი.

პრემიერისა და "აუდიტორია 115"-ის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა შეაფასა. მისი თქმით პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე. "პრემიერის მოსვლა დადებითი ფაქტია. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს არსებული თვითმმართველობის სისტემის გაუქმება ან შეცვლა, აქ საქმე გვაქვს ავტონომიის შინაარსის ვერ გაგებასთან. ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თსუ-ში არ უნდა წყდებოდეს, პირობითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორი თვითმმართველობა იქნება. ეს არის ცალკეული უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, თვითონ რა მოდელი ექნებათ", - განაცხადა საბაურმა.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის უნდა გაიმართოს, როგორც საბაურმა აღნიშნა, ვინც დაინტერესებული იქნება, ისინი მზად არიან გააცნონ არსებული სტრუქტურა. "ჩვენ გვაქვს სურვილი, ვინც დაინტერესდება გავაცნოთ არსებული სტრუქტურა რას გულისხმობს. ხარვეზები არის, მაგრამ არა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა მოისპოს", - განაცხადა საბაურმა.

წაიკითხეთ: "აუდიტორია 115" მე-6 კორპუსის ბლოკირებას აგრძელებს - რას ელოდებიან პრემიერისგან სტუდენტები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია