ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

ტრაგედია კასპში და გარემოებები, რომელმაც 9 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა: "მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა. სულ რამდენიმე ხანში შვილი ატირებულმა ძმამ და დანარჩენმა ბავშვებმა კორპუსთან ხელში აყვანილი მიუყვანეს, - ბავშვებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ირაკლი ცოცხალი აღარ იყო… ხშირად პატარა ბიჭები სტადიონებზე კარიდან შესვლის ნაცვლად ღობიდან დაძვრებიან და ირაკლიც ასე მოიქცა. სტადიონის ღობეზე აძვრა და თავის შესამაგრებლად პირდაპირ მის თავზე დაკიდებულ შიშველ სადენს ჩაავლო ხელი...

ბავშვებმა სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად ირაკლის დედასთან წაყვანა ირჩიეს, თუმცაღა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სასწრაფოს გამოძახებას აზრი აღარც ჰქონდა, ირაკლი დაცემისას უკვე გარდაცვლილი იყო. ტრაგედიამ ყველა შეძრა - მათ შორის ალბათ ის ადამიანებიც, რომლებიც ბავშვების თავზე ჩამოკიდებულ სასიკვდილო საფრთხეს წლების მანძილზე შესცქეროდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ცვლის. რაც შეეხება კასპის ენერგოპროჯორჯიას სამსახურს, იქ რბილად რომ ვთქვათ, ტრაგედიის საპასუხოდ ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს. გარდაცვლილი ბავშვის ბიძა კი მომხდართან დაკავშირებული დამნაშავეების აუცილებელ დასჯაზე საუბრობს.

"თავზე ენითაუწერელი ტრაგედია დაგვატყდა, თავად ბავშვის მშობლები ისეთი გათიშულები არიან, რომ ყველაფრის ძალა დაკარგეს, ჯერჯერობით ვეღარც ლაპარაკობენ, დამუნჯებულები არიან, მაგრამ ჩვენი ლამაზი ბიჭის სიკვდილში დამნაშავე ვინც არის, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, - ბავშვი სახლიდან საღსალამათი გაგზავნეს და გარდაცვლილი დაუბრუნდათ. ამ ტრაგედიაში დამნაშავეებმა მშვიდად როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება?! ეს საშინელება იმის გამო მოხდა რომ ენერგოპროჯორჯიას სამსახურს არც პროფესიონალიზმი და არც ადამიანური პასუხისმგებლობები არ გააჩნია, - ყველამ მშვენივრად იცის ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ხალხს რა დღეში აყენებდა თავისი უმოქმედობით რა უპასუხისმგებლობით. ასე შეიწირეს ჩვენი ბავშვის სიცოცხლეც.

ირაკლი საოცარი ბავშვი იყო, განსაკუთრებულად თბილი, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე… კაჟივით ჯანმრთელი, ბოლოს მშობლებს რაგბიზე დაჰყავდათ, დენს რომ არ დაერტყა, ღობიდან ჩამოვარდნით არ მოკვდებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, როგორც მითხრეს, კასპის ენერგოპროჯორჯიაში გაიძახიან, - დენი რა შუაშია, ბავშვი ღობეზე მიძვრებოდა, გადმოვარდა, ცუდად დაეცა და დაიღუპაო. ეს ტყუილია, - ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბავშვს დახედეს თუ არა, სავარაუდოდ, ელექტროდენით არის დაღუპულიო. ესენი კი თავისი საცოდავი თავის დასაცავად სისულელეებს ლაპარაკობენ.

-გავრცელებული ინფორმაციით, კაბელი 2007 წელს გადაატარეს სტადიონის თავზე წესის დარღვევით, - სათამაშო მოედანიდან ახლო მანძილზე. ნუთუ ამ წლების მანძილზე საფრთხეს ვერავინ ამჩნევდა, მათ შორის ვერც ის ოჯახი, რომელსაც ამ სადენით ელექტრენერგია მიეწოდებოდა?!

- რამდენადაც მე ვიცი, აღნიშნული ოჯახის უფროსი თავად აპირებდა პოლიციაში წასვლას, - მე თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირეთო. კაბელი თანდათან წლების განმავლობაში იწევდა, დაბლა, სტადიონისაკენ და თავად სათამაშო მოედანზე რომ არ დაცემულიყო, პირდაპირ სტადიონიდან ჯოხიც კი შეუყენეს გასამაგრებლად, რომ ქარს სადენი სტადიონზე არ ჩამოეგდო და ვინმე არ მოეკლა. დღესაც მხოლოდ ეს ჯოხი ამაგრებს ამ კაბელს. ენერგოპროჯორჯიას ამ საფრთხის გამო არა მხოლოდ ეს ადამიანი, არამედ სხვებიც მიმართავდნენ, თავად კაბელით მოსარგებლე ოჯახს კი განცხადებაც აქვს დაწერილი, ენერგოპროჯორჯიაში, სადაც კაბელის სხვა ტრანსფორმატორზე გადატანას ითხოვენ. მაგრამ ამ სამსახურს რეაქცია არ ჰქონდა. თავიანთი დანაშაულებრივი უმოქმედობით მოგვიმზადეს ეს უბედურება.

...სანამ ირაკლის მოგვიკლავდა, თურმე დენს ამ სტადიონზე ორი ბავშვისთვის დაურტყამს და ერთისთვის ხელის თითებიც დაუზიანებია. საუბედუროდ, ამას ყურადღება არავინ მიაქცია.

- შესაძლოა შემთხვევის შესახებ ბავშვებს შინ არც უთქვამთ, მაგრამ წლების განმავლობაში საფრთხე ასეულობით ადამიანის თვალწინ იყო, ალბათ უფრო ქმედითი ბრძოლა იყო საჭირო.

- იმ ოჯახმა რომ მიმართა შესაბამის სამსახურს, რომელსაც ამ მავთულით დენი მიეწოდება, რა შედეგი გამოიღო?! რაღა გააკეთა, რა გააწყო?! ამიტომაც ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ჩვენ ირაკლის ვერავინ გაგვიცოცხლებს, ვერც მის მშობლებს განკურნავს ამ ტკივილისაგან ვინმე ვერასოდეს, მაგრამ თუკი ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას, სხვა ტრაგედიებსაც შეუწყობენ ხელს, ეს არ უნდა მოხდეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ყველა შესაბამის სამსახურს, მათ შორის კასპის ენერგოპროჯორჯიასა და მუნიციპალიტეტს, სადაც თითოული მათგანი ერთმანეთთან გვამისამართებდა.

სოსო მიდელაშვილი, კასპის ენერგოპროჯორჯიას აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი: "აღნიშნული ელექტროსადენის კვების ალტერნატიულ წყაროზე გადატანის მოთხოვნით, კაბელით მოსარგებლე პირს ნამდვილად აქვს შემოტანილი განცხადება. კერძოდ, ჩემ ხელთ არსებული განცხადება 2016 წლის 26 ივლისით თარიღდება.

- საპასუხოდ რა ღონისძიებები გატარდა?

- ვერ გატარდებოდა. სემეკის დადგენილებით, აღნიშული სამუშაო კერძო, ოჯახის ხარჯებით ხორციელდება.

- იმ შემთხვევაშიც თუკი სამუშაო, არა კერძო პირის, არამედ საზოგადოებისთვის სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს?

… აღნიშნულ კითხვაზე რესპონდენტმა პასუხი ვერ გაგვცა და დაკავშირება ენერგოპროჯორჯიას მთავარ ინჟინერთან მოგვიხდა, რომლის პასუხი ასეთი იყო:

იოსებ ზერეკიძე: "ვიცი ახლა რას დაიწყებთ ჟურნალისტები. თავი დამანებეთ. არაფერი ვიცი, მიმართეთ ზემდგომებს; ყველაფერი მათ იციან. მაგ ბავშვის სიკვდილში მარტო დენია დამნაშავე?!"

ასეთი კომენტარის შემდეგ ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებსაც დავუკავშირდით, სადაც აღნიშნულ პრობლემაზე განცხადებით მიმართვას უარყოფენ, რაც ეჭვის შეტანის საბაბს არ იძლევა. თუმცაღა, ჩემი პირადი აზრით, რახან სახელმწიფო თანამდებობის პირებს სწორედ პრობლემების მოსაგვარებლად ნიშნავს, რაშიც ოფიციალურად იხდის ფულს, პრობლემებზე რეაგირებისთვის განცხადებები აუცილებლობად არ ითვლება.

ეთერ ერაძე

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ენერგო-პრო ჯორჯია" კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი