"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს

"ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია..." - რა საერთო აქვთ ფეხმძიმე ინდირა ჯგერნაიას შვილსა და ანრი ჯოხაძეს

24 წლის მომღერალი ინდირა ჯგერნაია მაყურებლისთვის ცნობილი სხვადასხვა კონკურსიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ეკრანზე ისე აქტიურად აღარ ჩანს, სიმღერას მაინც არ ღალატობს და ეს სფერო მისი ყოველდღიური სამსახურია. ყველაფერთან ერთად, მომღერალი დედობისთვის ემზადება. სულ მალე ქვეყანას პატარა ანდრია მოევლინება. მომღერალს ჟურნალი "თბილისელები" ესაუბრა:

ინდირა: უკვე მეცხრე თვეში ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობ. ფეხმძიმობის პერიოდში ქუთაისში ვარ, თუ არ ჩავთვლით, ექიმებთან ვიზიტებს, რისთვისაც ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში, ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, ამიტომ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას. აქ ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი ყოველ საღამოს. ბავშვის სახელი მე შევარჩიე, მამამისთან შეთანხმებით. თავიდან არ უნდოდა ეს სახელი, რაც მას მოსწონდა, მე არ მომწონდა და აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა მთელი 9 თვის განმავლობაში, მაგრამ, ბოლოს მაინც ანდრიაზე შევთანხმდით.

- ბავშვის მამასთან დაქორწინებული არ ხარ და ამ ფაქტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ გადავწყვიტე, ტაბუ დავადო და აღარ ვისაბურო. ჩვენ არ ვართ დაქორწინებულები და ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი შვილი სიყვარულის ნაყოფია. ბავშვის მამა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული - თითოეული ანალიზიდან დაწყებული, ექოსკოპიითა და ბავშვის გულის ცემით დამთავრებული. ინფორმირებულია ყოველი ექიმთან კონსულტაციის შესახებ და ასე შემდეგ. მე მგონი, საქართველოში ნაკლებად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მამები შვილებს უარყოფენ. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს და იმედია არ ვცდები.

- შენს "ფეისბუქგვერდზე" გეწერა - მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის, ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილსო. ეს ვინმეს ეძღვნებოდა კონკრეტულად?

- არა, ეს ისე, ზოგადად. თუმცა, იმ პერიოდში მომდიოდა ისეთი შეტყობინებები, რისი პასუხიც იყო ეს. ერთი მწერდა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეტყობინებას: შენ თუ გგონია ბავშვით კაცს დააკავებ, ძალიან ცდებიო. მე ვუთხარი, შვილს იმისთვის არ ვაჩენ, რომ მამაკაცი იყოს ჩემს გვერდით. მე მინდოდა შვილი და ამიტომაც ვაჩენ-მეთქი.

- რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?

- როდესაც გავიგე, ორსულად ვიყავი, პირველი რეაქცია რაც მქონდა, იყო ის, რომ ჩემს თავს ვუთხარი: უნდა გავჩუმდე და სადამდეც "გავქაჩავ", არ უნდა გავამჟღავნო-მეთქი. ვიცოდი, რომ განსჯის საგანი გავხდებოდი. მართლაც გარკვეული პერიოდი არავისთვის არაფერი მითქვას, რა თქმა უნდა, გამიხარდა. მე ვფიქრობ, როდესაც ქალს უფალი აჯილდოებს იმით, რომ დედა გახდეს, ეს შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. ეს ბედნიერება არცერთმა ქალმა არ უნდა გამოტოვოს.

- ბავშვის ნათლია მართლა ანრი ჯოხაძე იქნება?

- დიახ. როდესაც პირველად გამოვჩნდი "ჯეოსტარზე", იმ პერიოდიდან ვმეგობრობ მასთან. ანრის უყვარს ნიჭიერი ადამიანები და მე ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან. შინაგანად, ხასიათებითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ისე მოხდა, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ზუსტად იმ პერიოდში იყო ანრი ჩემთან და მითხრა, მე მოგინათლავ შვილსო, თან, ისე დაემთხვა, რომ ანრისაც ანდრია ჰქვია ნათლობის სახელი. ბევრი ნათლია არ ეყოლება. ისეთი ნათლიები მინდა ჰყავდეს, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა ექნება.

ნინო კანდელაკი

ჟურნალი "თბილისელები"

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)