სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს "ტყუპისცალი" ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა.

წლების განმავლობაში სტალინის ორეულების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო სუკ-ის მიერ. თუმცა თვით დადაევი ცოცხალი საბუთია, რომ მისი მონათხრობი ნამდვილია. დადაევის ნათქვამს აგრეთვე ადასტურებს ამონარიდები სუკ-ის არქივიდან, კინოსტუდია "მოსფილმის" დოკუმენტური მასალა და თავდაცვის არქივებიც. სტალინის პირადი დაცვის უფროსის, გენერალ ნიკოლაი ვლასიკის ქალიშვილი ნადეჟდა ნიკოლაევნა კი იხსენებდა: "დიახ, ისინი იყენებდნენ ორეულებს. მთელი ეს გეგმა მამაჩემის მოფიქრებული იყო. ისე აღმერთებდა სტალინს და ეთაყვანებოდა, რომ ამგვარი ფანტასტიკური იდეებიც მოსდიოდა თავში".

ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დადაევი სიკვდილის შიშით ჩუმად იყო. მხოლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მიუკაკუნა და მმართველი რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, ავტობიოგრაფიული წიგნი "ნაირგვარი სამყარო" დაწერა. ავტორი წლების შემდეგ ამხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტალინის ოთხი ორეულიდან. "ჯაშუშები ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყვნენ, ამიტომ ყველაფერი დიდი სიფრთხილით იგეგმებოდა. ორეულები ხშირად ცვლიდნენ სტალინს ავტომობილით, მატარებლით თუ თვითმფრინავით მგზავრობისას, რათა მათთვის გზა-კვალი აერიათ", - წერს დადაევი თავის წიგნში.

დადაევმა გრძელი გზა გაიარა გროზნოს დანგრეული ქუჩებიდან იალტამდე, სადაც ისტორიული შეხვედრა გაიმართა სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს შორის ომის შემდგომი მსოფლიოს ფორმირების შესახებ.

ფელიქს დადაევი დაღესტანში დაიბადა. როცა მისი ოჯახი გროზნოში (ჩეჩნეთი) გადავიდა საცხოვრებლად, მან ბალეტის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. 16 წლის ნიჭიერ მოცეკვავეს უკრაინის ნაციონალური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში შესთავაზეს ადგილი, თუმცა მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და გასტროლების ნაცვლად, დადაევმა ფრონტზე ამოჰყო თავი. მალევე, 1942 წელს გროზნოში დადაევი მძიმედ დაიჭრა და უკვე საავადმყოფოდან დაღუპულთა ცხედრებთან ერთად უნდა გადაეყვანათ, როცა გაირკვა, რომ იგი ცოცხალი იყო. სწორედ "სიკვდილი" გახდა მისი ახალი, ორმაგი ცხოვრების დასაწყისი.

დადაევის მსგავსებამ 60 წელს გადაშორებულ სტალინთან საბჭოთა აგენტის ყურადღება მალევე მიიქცია და დადაევი სასწრაფოდ გადაიყვანეს კრემლში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი 25 წლისაც არ იყო, გრიმის დახმარებით, ფიზიკურად ბელადს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.

"იმდენი ტანჯვა და განსაცდელი მქონდა გამოვლილი, რომ ბევრად უფროსის შეხედულება მქონდა, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი", - იხსენებს დადაევი.

დადაევი თავდაუზოგავად შრომობდა, ხშირად ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობითაც, - სწავლობდა ბელადის სიარულის, მეტყველების, ქცევის მანერებს. დაიწყო ბელადის საფირმო ნიშნის - წითელი არმიის ქუდისა და მედლებით დამძიმებული სამხედრო ფორმის ტარება. არსებობს ცნობა, რომ დადაევს და სხვა ორეულებს ამეცადინებდა მსახიობი ალექსეი დიკი, რომელიც პროპაგანდისტულ ფილმებში სტალინის როლს ასრულებდა.

დადაევი იხსენებს შემთხვევას, როცა მას პირველად მოუწია სტალინის განსახიერებამ ბელადის უახლოეს გარემოცვასთან. "შესაძლოა ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას. ყველა შიშისგან კანკალებდა, უმაღლესი ჩინოსნებიც კი. მათ დამარიგეს, რომ სტალინთან შეხვედრის დროს ჩუმად ვყოფილიყავი - იმ შემთხვევისთვის, თუ ბელადი საუბრის განწყობაზე არ იქნებოდა, ხოლო თუ თავად გამოიჩენდა ინიციატივას, მაქსიმალურად ლაკონიურად და მისივე ხმით მესაუბრა. უძილო ღამის შემდეგ, დილის 9 საათზე კრემლში მიმიყვანეს. პირველად გენერალი ვლასიკი შემოვიდა. ჩემი დანახვისას აღფრთოვანება ვერ დამალა და კმაყოფილებით დააქნია თავი. შემდეგ ჩემი ქურთუკი და ჩექმა დაათვალიერა ყურადღებით. შიშით ველოდი, რომ ჩემი შეღებილი თმა არ შეენიშნა", - იხსენებს დადაევი.

თავდაპირველად დადაევი საზოგადოების წინაშე სტალინის როლში ხშირად არ ჩნდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისე დაიხვეწა, უკვე პარტიულ შეკრებებზეც უშვებდნენ. ერთხელ კი სპორტულ აღლუმზეც გამოჩნდა. "ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ თავად სტალინი იბარებდა აღლუმს. თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატა, როცა გამოვედი და მთავრობის წევრები ოვაციებით შემხვდნენ. ახლა მთავარი იყო, ნაბიჯები არ შემშლოდა: ახლობლების გარემოცვაში სტალინის ნაბიჯები მტკიცე და სწრაფი იყო, ხოლო შეხვედრებსა და მიღებებზე - ნელი და გაწონასწორებული".

დადაევს უდიდესი მისია დაეკისრა, როცა სტალინი იალტაში გაფრინდა კონფერენციაზე, 1945 წლის თებერვალში, რეისი, რომლითაც იგი მგზავრობდა, გასაიდუმლოებული იყო.

დადაევი იხსენებს: "ორი რეისი იყო ორგანიზებული - ერთ-ერთით მე ვმგზავრობდი. არასოდეს არაფერი დაწერილა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. ეს ბლეფი იყო, რათა ჯაშუშების ყურადღება გადაეტანათ. სინამდვილეში სტალინი უკვე იალტაში იყო. თუმცა ამან მაინც ბოლომდე ვერ გაამართლა - იალტაში ნამდვილ სტალინზე ორი თავდასხმა მოეწყო. ამ შემთხვევის გამო შვიდმა გავლენიანმა ოფიცერმა დაკარგა თანამდებობა. იღბლიანი აღმოჩნდნენ, რომ მხოლოდ თანამდებობები დაკარგეს".

დადაევი ნიჭიერი და ამასთანავე იღბლიანიც გამოდგა - თუ ვერ მოახერხებდა გენერალ ვლასიკისა და ლავრენტი ბერიას დარწმუნებას, მას აუცილებლად დახვრეტდნენ, რათა საიდუმლო გეგმა არ გამჟღავნებულიყო. თუმცა საბოლოოდ სტალინის ორეულისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. საკუთარი მისიის შესახებ ცოლისა და ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს... 2008 წელს წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, დადაევი გამოჩნდა 2014 წელს გერმანული ტელევიზიისთვის სტალინის ბოლო დღეების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც. სტალინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მისი ორეული დღესაც ცოცხალია, თუმცა ბელადის სხვა ორეულების შესახებ არც მან და არც საზოგადოებამ არაფერი იცის...

იხილეთ ვიდეო

ნათია სამაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი"

წაიკითხეთ ეს და სხვა საინტერესო სტატიები ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალ "ისტორიანის" ნოემბრის ნომერში

"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

BTU AI-ს მხარდაჭერას გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი უცხადებს