ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა

ორი კომპანია, რომლებსაც თბილისის მერია ვერ ერევა

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას ორი მთავარი კომპანია - "სითი პარკი" და "თბილისის მიკროავტობუსი" განკარგავს. პირველ მათგანს ქალაქში პარკირების მოწესრიგება ევალება, მეორეს კი მგზავრების გადაყვანის ექსკლუზიური უფლება აქვს. თუმცა, ამ ორი კომპანიის ირგვლივ, დროდადრო სხვადასხვა სახის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, რასაც მერია ვერ აკონტროლებს.

"სითი პარკი"

თბილისში უკვე წლებია პარკირების მოწესრიგების საკითხი კომპანია "სითი-პარკს" აბარია. დედაქალაქში "სითი პარკი" 2007 წელს შემოვიდა, როცა თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი" შეიქმნა. "სითი პარკს" პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.

"სითი-პარკთან" პრეტენზიები მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, წლებია თბილისში კომპანიას პარკირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

მისი მომსახურებით და ტარიფებით უკმაყოფილონი არიან მძღოლები. ბოლო დროს თბილისელებს "სითი პარკის" ჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემული 10-ლარიან ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში 150 და 300 ლარამდე იზრდება. მძღოლები გადაუხდელობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საჯარიმო ქვითარი პირადად არ ჩაბარებიათ.

რაც შეეხება ავტომობილის ევაკუირებას, რომლის უფლებაც ასევე აქვს "სითი-პარკს". იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერებულია "დგომა აკრძალულია" და "გაჩერება აკრძალულია" საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, ასევე თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური, თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონაში და ავტომობილზე არ არის შესაბამისი ნიშანი დატანილი, თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ექვემდებარება ევაკუაციას. მანქანის საჯარიმოდან გამოყვანა კი 60 ლარი ღირს. სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე ავტომობილის დამატებით 24 საათის გაჩერების შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს თითო ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი.

წაიკითხეთ: როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხი მუდმივად დგას. რამდენიმე თვის წინ საკრებულოს დეპუტატებმა კვლავ წამოაყენეს ინიციატივა "სითი-პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. საპასუხოდ, როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს, რაც ამჟამად მერიას არ გააჩნია.

"ვფიქრობ, რომ ქალაქი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს და ათობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს... ჩვენი წინამორბედების მიერ "სიტი პარკთან" კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები იყოს გამყარებული ციფრებით და არგუმენტებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 25 მილიონი ლარი გადავუხადოთ "სითი პარკს", გამოვისყიდოთ მისგან კონტრაქტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც არ არის შესაბამისი ბერკეტები, უმჯობესია პასუხი მოვთხოვოთ იმ ხალხს, რომლებმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს", - განაცხადა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ "სითი-პარკის" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, იგივე თანხის გადახდა არ უწევს.

სითი-პარკისა და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები 2014 წელს გამოაქვეყნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI). როგორც კვლევაშია ნათქვამი, "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა.

"თბილისის მიკროავტობუსი"

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემას აკონტროლებს, თუმცა, მის კონტროლს მერია ვერ ახერხებს, შპს "თბილისის მიკროავტობუსია". აღნიშნული კომპანია 2011 წელს დაარსდა და თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის - შპს "თბილ ლაინის", შპს "კაპიტალ გრუპის", შპს "ფაბლიქ ქარის" და შპს "თბილ ქარის" მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი 80 თეთრია. დღის განმავლობაში მეორე და მომდევნო მგზავრობებზე მოქმედებს ფასდაკლება და მგზავრობის საფასური 65 თეთრს შეადგენს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. მათთვის პირველი მგზავრობის ფასი 40 თეთრია, ხოლო მომდევნო მგზავრობების საფასური 32 თეთრს შეადგენს.

პრობლემები და უკმაყოფილო მგზავრები არც ამ კომპანიას აკლია. აქტიურად საუბრობენ მიკროავტობუსების მოუწესრიგებლობასა და ავტოპარკის სიმცირის შესახებ, რაც ხშირად ტრანსპორტში გადაჭედილობას იწვევს (იხილეთ კადრები)

წაიკითხეთ: "როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

ამ საკითხზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მიმართა, გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. ასევე განცხადებაში განმარტეს, რომ "ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრის აყვანას, გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ". თუმცა, ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ სიტუცია სამარშუტო ტაქსებში იგივე რჩება - პიკის საათებში "მარშრუტკების" უმეტესობაში მგზავრები კვლავ ფეხზე დგანან.

საქართველოში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენადაა დაცული მძღოლის უფლებები. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა კვლევის შედეგები შეისწავლა. როგორც AMBEBI.GE-თან საუბრისას ის აღნიშნავს, კვლევის დროს გამოიკვეთა მძოლების მხრიდან მგზავრთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც.

"მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია და კატეგორიულად დაუშვებელი... ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...", - აცხადებს მესხიშვილი.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, ზაფხულის დადგომასთან ერთად მგზავრები მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩაურთველობის გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას. 2015 წლის ზაფხულში მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" შორის კონდიციონერებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც თუ ტემპერატურა 26 გრადუსს აღემატება, კონდიციონერი ჩართული უნდა იყოს. შეთნხმების მიუხედავად, მძღოლების უმრავლესობა კონდიციონერს მაინც არ რთავს. მათ შესამოწმებლად დედაქალაქის მერიის დავალებით სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება, კონდიცირების ჩართვა ზაფხულში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი