კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."

კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტის ოჯახის მიმართვა: "ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას..."

8 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2016 წლის 12 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, "თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთა-თუშეთისკენ ფეხით მიმავალ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი. დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, ჭინჭარაშვილსა და მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".

ბრალდებული სამართალდამცველებმა მეორე დღესვე დააკავეს, მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ჭინჭარაშვილს სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა.

41 წლის მუსერი ამერიკელი მოხალისე იყო. მამაკაცი ტურისტულად მოგზაურობდა კავკასიის რეგიონში. ის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული. ის საქართველოში მოგზაურობის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზეც წერდა.

წაიკითხეთ: ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

მკვლელობის საქმის დახურვასთან დაკავშირებით ფრიც ვ. მუსერის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

"გუშინ იყო სევდიანი, მაგრამ ამავე დროს იმედისმომცემი დღე მათთვის, ვისაც უყვარდა ფრიც ვ. მუსერი. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც აღიარა ფრიცის სიცოცხლის ხელყოფა, ჩვენ დავასრულეთ დაუგეგმავი მოგზაურობის ერთი ეტაპი, რომელიც 12 აგვისტოს მოულოდნელად დაიწყო. მადლობელი ვართ პოლიციის და სასამართლოს ძალისხმევის, ასევე მათი, ვინც მხარი დაგვიჭირა მოგზაურობის ამ მონაკვეთში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ოჯახში რჩება აუნაზღაურებელი დანაკარგი. წარმოუდგენელია, რომ ვეღარასდროს ვნახავთ ფრიცის სულელურ ღიმილს, ვერ დავტკბებით მისი ცოცხალი და გამჭრიახი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი, ვეღარ მოვესწრებით მის გულწრფელ მზრუნველობას და თამაშს მოსიყვარულე დისშვილებთან. თავს ვინუგეშებთ იმ ფაქტით, რომ ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების ახდენისას - კავკასიის მთებზე კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ლაშქრობისას.

როდესაც ფრიცი ლაშქრობის ამ მონაკვეთს ფიზიკური თანამგზავრის გარეშე გადიოდა, ის არ იყო მარტო. ფრიცი მუდამ იძენდა ახალ მეგობრებს და ინარჩუნებდა კავშირს ძველ მეგობრებთან, ისევე როგორც სხვა მოგზაურობების დროს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 5 სხვადასხვა კონტინენტზე. ფრიცისთვის დიდი სიხარული იყო სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან კავშირების დამყარება, მათგან სწავლა და ერთად ცხოვრების გამოცდა. ამ კავშირების სიძლიერე გამოჩნდა ფრიცის დაღუპვის შემდეგაც, ფრიცის სახსოვრად სანთლები დაინთო და ცრემლები დღემდე იღვრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ფრიცს სწამდა ყოველი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის, ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და თითეული ადამიანის პოტენციალის, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთგაგების ხიდების შექმნა, ფრიცის დატოვებული ხიდები კი იზრდება და ვითარდება მისი დაღუპვის შემდეგაც.

ფრიცი მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებსა და გონებაში. სანამ მისი დაღუპვის მძიმე გარემოებების იარებს ვიშუშებთ, გვსურს პატივი ვცეთ მის დამოკიდებულებას აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ. ახლა როდესაც სასამართლო ვერდიქტი დადგა და განაჩენი გამოტანილია, ჩვენი სურვილია დამნაშავეს ხელი მიუწვდებოდეს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფრიცი სხვებისთვის ქმნიდა: მხარდაჭერა ხანგრძლივი პირადი ცვლილებებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ, ოჯახურ და გლობალურ ჭრილში აისახება. ვიმედოვნებთ, რომ გასამართლებულის ოჯახს არ დაეკისრება მისი დანაშაულის ტვირთი და მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს მნიშვნელოვანი დროის გატარება საყვარელ ადამიანთან. როგორც ფრიცის ოჯახს, გვსურს განვაგრძოთ სვლა მშვიდობის, ურთიერთგაგების და იმედის გზაზე; ჩვენ გვწამს ადამიანის შეუპოვარი სულის და თითოეული ჩვენგანის უნარის შევქმნათ მეტად სამართლიანი, სიყვარულით სავსე და იმედისმომცემი სამყარო. ვიმედოვნებთ, რომ მოგზაურობა რომელსაც ახლა გასამართლებულის ოჯახთან ვიზიარებთ, ხელს შეუწყობს სამყაროს ამგვარ ხედვას" - ნათქვამია მუსსერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?