შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

თსუ-ს მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი სემესტრიდან ახალ შენობაში მოუხდეთ სწავლის გაგრძელება.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ განაცხადა, "აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას.

"აუდიტორია 115"-ის წევრებმა, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 24 ნოემბერს დაიკავეს და ამ დრომდე რჩებიან. "აუდიტორია 115"-ის შეჭრის შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს სხვადასხვა კორპუსებში გადაანაწილეს, რამაც როგორც ჭალაგანიძე ამბობს სწავლის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.

"ვერც პედაგოგი ასწრებდა ერთი კორპუსიდან მეორეში გარბენას და ვერც სტუდენტი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო და ერთ სივრცეში მომხდარიყო სტუდენტებისა და პროფესორების გადაყვანა. ვაკეში რომ მოვითხოვოთ მაგალითად, მეხუთე კორპუსი დაგვითმონ, აბსოლუტურად აბსურდულია, რადგან იქ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და მთლიანად დატვირთულია. შესაბამისად, ძალიან რთული იყო იმის მოგვარება, რომ მთლიანად ჟურნალისტები სადღაც გადაგვეყვანა. ასეთი გამოდგა ტურიზმის ცენტრი, რომელიც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, დელისზეა განთავსებული, გარემონტებული და მოწესრიგებული კორპუსია. თუ მოხერდა ტურიზმის ცენტრში შესვლა, ეს იქნება დროებითი. მაგრამ, შესაძლებელია მანამდე მოხდეს მეექვსე კორპუსის დაცლა და, რა თქმა უნდა, ეს აღარ მოგვიწევს", - აღნიშნა ჭალაგანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

მისივე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციით ყველაზე მეტად ჟურნალისტიკის მიმართულება ზარალდება, რადგან სტაციონარული აპარატურა მეექვსე კორპუსში რჩება.

"ჟურნალისტები ყველაზე მეტად ვზარალდებით. თუ შიგნით ვერ შევალთ უნდა მოვახერხოთ აპარატურის გამოტანა. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სტაციონარული აპარატურა მაინც იქ რჩება", - განაცხადა ჭალაგანიძემ.

არსებულ დისკომფორტზე საუბრობს ჟურნალისტიკის მიმართულების ერთ-ერთი სტუდენტი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სხვადასხვა ლექციაზე სხვადასხვა შენობაში გადასვლის გამო ბევრი დრო ეკარგებათ და ლექციებზეც აგვიანებენ.

საღებავით მოხატული იატაკი მეექვსე კორპუსში

"მეექვსე კორპუსის პიკეტირების შემდეგ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები უნივერსიტეის სხვადასხვა კორპუსებში გადაგვანაწილეს და ყოველ ლექციაზე სხვაგან გვიწევს სიარული, რაც რა თქმა უნდა დისკომფორტს გვიქმნის. პრობლემაა ასევე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია. უამრავ საკითხზე გვჭირდება ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციისგან, რაც უკვე პრობლემას წარმოადგენს რადგან არ გვაქვს ჩვენი კორპუსი. გვიწევს ტელეფონით კომუნიკაცია ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. მაგალითად, ლექციების ცხრილის შედგენისას მივდიოდით მეექვსე კორპუსში და ვაგვარებდით ადმინისტრაციასთან, ახლა 1-ელ მარტს არის საგნების არჩევა და როგორ ჩაივლის არც ვიცით" - გვეუბნება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

ნინო ტაბაღუა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი: "აუდიტორია 115"-ის წევრები, ფაქტობრივად, ყველასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. მათ მეექვსე კორპუსი ისევ პიკეტირებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ნორმალურ პირობებში განათლების მიღების შესაძლებლობა არ გვეძლევა. მაგალითად, გამოცდები, ფაქტობრივად, თეორიულად გავიარეთ - ტელევიზიისა და რადიოს პრაქტიკული გამოცდა ისე ჩავაბარეთ, რომ შესაბამისი ინვენტარი არ გვქონდა და საკუთარი სახსრებით გვიწევდა გარკვეული ტექნიკის მობილიზება. ბუნებრივია, ეს ჩემი, როგორც სტუდენტის უფლებებს ლახავს და ამ დროს საერთო უფლებების დაცვაზე საუბარი აბსურდად მეჩვენება. უხერხულია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი კორპუსი სამი თვეა პიკეტირებულია და ამაზე რეაგირება არავის აქვს, არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც შესაბამის ორგანოებს. რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ეს სტუდენტების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და განათლების სამინისტრო ელოდებიან, როდის დაიღლება "აუდიტორია 115" და თავისი ნებით დატოვებს შენობას, თუმცა ფაქტია, რომ არ იღლებიან და სახელმწიფო ქონებასა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ შენობას სათავისოდ იყენებენ"

მოძრაობა "აუდიტორია 115-ის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, მეექვსე კორპუსში სწავლა მაშინ აღდგება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება:

"ჩვენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელ მარიამ ჯაშთან ვთანამშრომლობთ, რომელიც თავის მხრივ მიმდინარე პროცესებს პარლამენტსა და განათლებისა და მეციერების სამინისტროს აცნობს. დაახლოებით 5 კვირის წინ კანონპროექტის ცვლილებებზე საბოლოო შეთანხმება მოხდა, რომელიც განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს, მათ საბოლოო ვერსია შემოგვთავაზეს, თუმცა ყოველდღიურად ვუკავშირდებით განათლების კომიტეტს და მათგან ვიღებთ პასუხს, რომ მიმდინარეობს შიდა შეთანხმების პროცესი, რათა კანონპროექტი პარლამენტში გავიდეს. სხვა ცვლილება ამასთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა და ველოდებით კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება ცვლილებების გასატარებლად მზად არის და კორპუსში სწავლა ამის შემდეგ აღდგება" - განმარტა კუპრაძემ ჩვენთან საუბარში და სხვა ლექტორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ისევე როგორც, მისი თქმით, ამას სოციოლოგიის მიმართულების ლექტორები აკეთებენ: "გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ეს ქმედება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს".

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღამით, მინიმუმ 10-15 სტუდენტი მორიგეობს, თუმცა საღამოობით მეტნი იკრიბებიან და კანონმდებლობას ამუშავებენ: "ჩვენ ეს სივრცე არ მიგვითვისებია და ველოდებით კანონპროექტის დარეგისტიტრებას, რომ მე-6 კორპუსი სამუშაო რეჟიმში მოვიყვანოთ. სტუდენტების უმეტესობა, რომელიც აქ მორიგეობენ თსუ-ს სტუდენტები არიან, სამი სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოგივერთდა, ერთი კი სამხატვრო აკადემიიდან. მორიგეობა რიგის მიხედვით მეც მიწევს-ხოლმე" - განმარტა კუპრაძემ.

"აუდიტორია 115"-ის წევრებს ექსტრემალური მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავა ორგანიზაციის წევრებს ურჩევს, უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ, თუმცა როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ეს თემა უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე თავად ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

"მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ავტონომიურია და შესაბამისად, ეს საკითხიც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, "აუდიტორია 115"-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, მითუმეტეს ნუ აირჩევენ ექსტრემალური გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შევეცდებით მოვუწოდოთ ამ ხალხს, რომ ექსტრემალური მოქმედებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი