რა აქცია გაიმართა ბათუმში არეულობამდე ორი დღით ადრე და ვინ შეიძლება მართავდეს განვითარებულ პროცესებს?

რა აქცია გაიმართა ბათუმში არეულობამდე ორი დღით ადრე და ვინ შეიძლება მართავდეს განვითარებულ პროცესებს?

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად არიან განთავსებულნი როგორც სამმართველოს წინ, ისე ახლომდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. სპეცრაზმს ტერიტორიის გათავისუფლებისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები აღარ გამოუყენებია. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო აქცია, რომელმაც რამდენიმე საათში ძალადობრივი ხასიათი მიიღო ბათუმში 11 მარტს დაახლოებით საღამოს ექვს საათზე დაიწყო და თითქმის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ დეტალურად - ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა

სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე მოსაზრება ვრცელდება. ბათუმელების ნაწილში მუსირებს აზრი, რომ პროცესი მართულია და მოითხოვენ, ქალაქში მომხდარ ვანდალიზმში დამნაშავეებს პასუხი ადეკვატურად და სწრაფად გაეცეთ. ბათუმელების ნაწილმა ვანდალიზმის შესაჩერებლად შეკრებაც კი გადაწყვიტა: "ბათუმელები, აპოლიტიკური ტიპები მივიდეთ და შეიძლება შევაჩეროთ ეგ ვანდალიზმი"; "იმ ბათუმელს რა ვუთხარი, ქალაქს, რეგიონს და ქვეყანას შეგნებულად ზიანს რომ აყენებს. ამიტომაც, მგონია რომ ჩვენ, ბათუმელები უნდა გავიდეთ და ჩვეულებრივ, არაძალადობრივად დავიცვათ ქალაქი!" - წერენ ადგილობრივები ფეისბუქის პოსტებში.

პროცესის შესაძლო მართულობაზე განცხადებას აკეთებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელმაც "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა: "ამ ტიპის განწყობები, ამ ტიპის მზა ფრაზები, რომ პატრულის თანამშრომელმა თითქოს თათარი უწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აჭარელი არ არის პატრულის უფროსი - ამ ტიპის განწყობები, ასლან აბაშიძის დროინდელი ფრაზები, ძალიან ჰგავს, რომ ეს პროცესი შესაძლოა, იყოს მართული. მე მიჩნდება ასეთი ეჭვი".

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვისგანაა მართული ეს პროცესი, სამნიძემ უპასუხა:

"ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ სამი დღის წინ ბრიფინგი მოაწყო მერაბ ღოღობერიძემ (არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი), იგი კარგად არის ცნობილი ბათუმელებისთვის, როგორც სუს-თან დაახლოებული პირი და მან მოითხოვა პატრულის ხელმძღვანელის გადადგომა" - დასძინა სამნიძემ სატელეფონო ჩართვის დროს.

აღსანიშნავია, რომ სამნიძის მიერ დასახელებული მერაბ ღოღობერიძის სახელი და მის მიერ 9 მარტისთვის დაანონსებული აქციის პოსტი ფეისბუქ-მომხმარებლებს შორისაც აქტუალურია. არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა 9 მარტის დილით ნამდვილად დაწერა პოსტი პირად გვერდზე, სადაც საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

"აქცია სახელწოდებით აჭარელი თათარი არ არის! ყველამ ერთად შევძახოდ საპატრულონ პოლიციის უფროს. დღეს 9 მარტს 12 ს/თ ქ. ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის შესასვლელთან გაიმართება აქცია აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით" - წერდა ღოღობერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე (სტილი დაცულია).

დაანონსების მიუხედავად აქციაზე 10-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პოლიციის შენობასთან ამ სახის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ: "შეწყდეს უკანონო დაჯარიმებები", "ჩვენ ვემიჯნებით ჰომოფობიურ განცხადებებს და ქმედებს"; "აჭარელი თათარი არ არის ბატონო პოლიციელო!" და ა.შ.

შეკრებილები საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარაზე და უკანონო ჯარიმებზე საუბრობდნენ და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ადგილობრივ ტელეკომპანია "ტვ 25"-თან საუბარში "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე უკანონო ჯარიმებსა და საპატრულოს უფროსის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე საქართველოს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა დაწყებულია. მერაბ ღოღობერიძის თქმით, იგი დაკითხვას ელოდება, რათა სამართალდამცავ ორგანოებს დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანიას განუცხადეს, რომ უწყების განმარტებით ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მათივე თქმით, საკადრო ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით როტაციის პრინციპით განხორციელდა.

ამ თემაზე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი forum.ge-ზეც. საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებს ერთ-ერთი მომხმარებელი (რომლის "ნიკსაც" შეგნებულად არ ვასახლებთ). მას რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, რომელიც 2017 წლის იანვრიდან იღებს სათავეს - მას შემდეგ რაც, შს მინისტრმა მღებრიშვილმა პოლიციის მაღალჩინოსნების როტაცია მოახდინა, რის შემდეგაც, შიდა ქართლიდან კახა ბუხრაძე თავისი შემადგენლობით გადავიდა ბათუმში და ბათუმიდან დავით მამულაშვილი გადავიდა შიდა ქართლში. პოსტის ავტორის მტკიცებით, მეორე დღესვე - 10 იანვრიდან დაიწყო ბათუმში კახა ბუხრაძის წინააღმდეგ ღია კამპანია, რომლის "ავანგარდშიც ღოღობერიძე იყო". თემის ავტორის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოეწყო "აქცია ბუხრაძის წინააღმდეგ, ეხლა უკვე "მძღოლების სახელით", ისევ ღოღობერიძე იყო ავანგარდში".

ასევე ფორუმიდან ხდება ცნობილი, რომ ზემოთ ნახსენებ აქციებს დაემატა 28 თებერვალს გავრცელებული პეტიცია, სადაც "აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე" იყო საუბარი. თემის ავტორი ამ კონტექსტში ღოღობერიძის სუს-თან კავშირზე საუბრობს.

ბრალდებებზე პასუხი ღოღობერიძემ ფეისბუქის პირადი გვერდზე გასცა. ის პირადად ხათუნა სამნიძეს მიმართავს სოციალური ქსელიდან და არაკორექტულად მოიხსენიებს მას: "შენ თუ არ დაამტკიცე საზოგადოების წინაშ მე სუსთან თანამშრომლობ და თან მის მიერ ვარ მართული მე და შენს შორის მტყვანის... საჯაროდ მოიხადე ბოდიში..." - წერს ღოღობერიძე სამნიძის მისამართით.

კიდევ ერთ პოსტში არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი წერს: "რატომ მივიდა აქამდე ?! რატომ არ ამოიღეთ ხმა ეხლა რომ ყველა ოპოზიციას და მე მაბრალით! კარგად გადახედეთ და ნახეთ რაც ხდებოდა ყველაფერს ღიად ვსაუბრობდი თქვენ კი ჩურჩულებდით ეხლა ღურღულებთ გადაბრალების რეჟიმი ადვილია ვინც დააშავა აგოს პასუხი მე პირადათ ეხლაც ვითხოვ ამას! აგებიეთ ასევე საპატრულოს უფროს პასუხი" - წერს ღოღობერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და ეცდება საკითხზე ყველა არსებული პოზიცია დააფიქსიროს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი