"ხანძრის ჩასაქრობად ძველი ტექნიკა გვაქვს" - რა საფრთხეზე საუბრობს მეხანძრე AMBEBI.GE-სთან საუბარში

"ხანძრის ჩასაქრობად ძველი ტექნიკა გვაქვს" - რა საფრთხეზე საუბრობს მეხანძრე AMBEBI.GE-სთან საუბარში

ბოლო დროს საქართველოს მასშტაბით არაერთი ხანძარი მოხდა, დაიწვა ბაზრობები, ტყეები და საწყობები. ამ დრომე ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება ბორჯომის ტყეში. მდგომარეობას ქარიც ართულებს, რომელიც დღეს საღამოს გაძლიერდა და, შესაბამისად, ხანძრის გავრცელების არეალიც გაფართოვდა. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად აზერბაიჯანის მთავრობას მიმართა, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა. რატომ გახშირდა ხანძრები და რატომ ვერ ხერხდება ბორჯომის ტყეში მისი ლოკალიზება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ვეტერანი მეხანძრე, ალექსანდრე რეკვავა ესაუბრა:

- ბატონო ალექსანდრე, ორი დღეა ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება ბორჯომში, მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქარიც, როგორ გესახებათ ხანძრის ლოკალიზება ამ მდგომარეობაში?

- მეხანძრეებს ამ შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობა ქარის გამო უჭირთ. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ ძველი "აპაჩის" ტიპის ტექნიკა გვაქვს, ხანძრის ჩასაქრობად, რომელსაც 1500-2000 ლიტრი მოცულობის ავზი აქვს და ეს ხანძრის ჩასაქრობად საკმარისი არ არის.

- როგორ ფიქრობთ რატომ გახშირდა ხანძრები საქართველოში?

- წვიმა რომ ყოფილიყო, წვიმას დავაბრალებდი ამ ხანძარს, რადგან ამინდის გამოსვლის და გამოშრობის დროს ხდება აალება, მაგრამ წვიმა არ ყოფილა, ამიტომ ვფიქრობ, მოსახლეობის დაუდევრობის ან მიზანმიმართული ბოროტების ბრალია ეს ხანძარი.

- თქვენ დროს როგორ ხდებოდა ხანძრის დროული ლოკალიზება?

- იყო სატყეო სამსახური, გვქონდა მოტო ტუმბოები, ტრაქტორები, ექსკავატორები, ასევე სხვადასხვა ადგილებზე ხანძრის ჩაქრობის წინასწარ შემუშავებული გეგმები გვქონდა, საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მოსახლეობის და ჯარის მობილიზება, შესაბამისად, ადვილად ხდებოდა ხანძრის ლოკალიზება. ასევე, ხდებოდა ხანძრის ტერიტორიიდან წვადი მასის მოშორება. ახლა საჭირო ტექნიკა ერთი ადამიანის ხელში არ არის, არ გვაქვს სატყეო მეურნეობა, ყველაფერი კერძო პირის ხელში არის გადასული და კერძო პირს კარგი დაინტერესება უნდა ჰქონდეს, ამ ტექნიკის გამოსაყენებლად. სკოლაც აღარ გვაქვს, სადაც პროფესიონალი მეხანძრეების აღზრდა ხდება. ადრე მეხანძრეობის დიდი სკოლა არსებობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით პიონერები, რომლებმაც კოლეჯი შევქმენით. მაღალტექნოლოგიური კოლეჯი შეიქმნა, პოლიციის აკადემიაში ორი კათედრა შეიქმნა ხანძრის ქრობის. აქ ამზადებდნენ მაღალი კვალიფიკაციის მეხანძრეებს. 2004 წელს ეს კათედრები გააუქმეს. 2006 წლის თებერვალში სრულიად მოიშალა სასწავლო პროცესი და მას შემდეგ საქართველოში არ ხდება, თუნდაც საშუალო კვალიფიკაციის მეხანძრის მომზადება.

- უნდა ჩაერთოს თუ არა ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მეზობელი ქვეყნები, თუნდაც თურქული მხარე?

- თურქეთი ერთხელ დაგვეხმარა და მწარე გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით. 2006 წელს ესპანეთში, თურქეთში, საფრანგეთში და ბორჯომის ტყეში იყო ხანძარი. თურქეთი "დაგვეხმარა" და ბორჯომში ხანძარი ფხვნილით ჩააქრეს, ზუსტად ორ დღეში გაწვიმდა და ეს ტოქსიკური ფხვნილი გრუნტში ჩაიღვარა. ამ ფხვნილის გამოყენებას სპეციალური ცოდნა სჭირდება, როგორც ხანძრის ჩაქრობის დროს, ასევე ჩაქრობის შემდეგ. პირველად ეს ფხვნილი ლენინგრადში გამოიყენეს, სადაც მანქანა აალდა და ხანძრის ჩაქრობიდან 3 თვეში ახლო ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობდა, ყველას აღმოაჩნდა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება. აი, ასეთი დახმარების ხელი გამოგვიწოდა 2006 წელს ჩვენ თურქეთმა. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის მთავარი არსი ის არის, რომ ჩვენ პროფესიონალი მეხანძრეების სკოლა არ გვაქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: სოფელ დაბის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხდება - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი