"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი

"პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის..." - ზაალ კასრელიშვილი

"თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია" - ამის შესახებ გამოცემა "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტს "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განუცხადა. აღნიშნულს არ უარყოფენ, თუმცა არც ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებაში.

რას ცვლის ჩატაევის ჩართულობა სპეცოპერაციაში და რა გამოწვევის წინაშეა საქართველო? - "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, თუ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევია, საერთაშორისო ძებნილის საქართველოში შემოსვლის ორი ვერსია არსებობს:

"ერთი ვარიანტია შემოპარვა, მეორე ვარიანტი - საქართველოს სახელისუფლებლო სტრუქტურებში, ოპოზიციაში და სხვა სტრუქტურებში მოკალათებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტები. როდესაც კითხვის ნიშანი ისმის, გავარკვიოთ თავისი ინიციატივით მოქმედებდა ეს ჯგუფი თუ გარედან იმართებოდა, როცა ეს გაირკვევა, დაახლოებით გვეცოდინება რაშია საქმე. შემდეგ FBI უნდა დაგვეხმაროს ამაში, რომ გავარკვიოთ შიდა სამზარეულო: შემოიპარა, შემოაპარეს, თუ ჩანერგეს. ამის გარკვევას სჭირდება ყველა მარშრუტი, რაც საქართველოში შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგ ჰქონდა, ვინ შემოიყვანა და ფინანსური მხარდამჭერი ვინ იყო...

...ჩვენ პირველივე წუთიდან ამ აზრზე ვართ და შემდეგ კავკასიელებმაც დაგვიდასტურეს, რომ მათ რუსეთში გადასვლა უნდოდათ. ეს მეორე უბედურებას მოგვიტანდა... იქ რუსი დახვდებოდა, დახოცავდნენ ამათ და დაგვბრალდებოდა ჩვენ რომ ვამზადებთ ტერორისტებს, გავუშვით ეს ტერორისტები და სანამ საერთაშორისო სამართალი გაარკვევდა მტყუან-მართალს, პანკისში შემოვიდოდნენ... პანკისი არის სტრატეგიული სიმაღლე რუსეთისთვის. სამი პირი აქვს: აფხაზეთი, ცხინვალი, თუ პანკისშიც აიღებს სიმაღლეს, კავკასიის მთელ პერიმეტრს აკონტროლებს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც" - აღნიშნა კასრელიშვილმა.

შეკითხვაზე, ხომ არ არის ეს გამოძახილი "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა ახლო აღმოსავლეთში, რომლის მებრძოლები გაიფანტნენ მსოფლიოში და მათ შორის შესაძლოა საქართველოშიც მოხვედრილიყვნენ, ანალიტიკოსმა უპასუხა:

"ხალიფატის ენტრალური მმართველობა დაიშალა ლეგიონებად, ათასეულებად, ასეულებად, ათეულებად... დაიშალნენ, ფორმა შეიცვალეს, ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ და ყველას თავისი საკურატორო ტერიტორია აქვს. აქამდე გარკვეულ დონეზე ხელშეუხებლობა ჰქონდა საქართველოს... ეს არ სიამოვნებთ ქართველებს, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ პირველად დოკუ უმაროვის ავტორიტეტმა გადაარჩინა საქართველო, მეორედ ალ-შიშანის ავტორიტეტმა. მათ შორის, ჩატაევი ორჯერ იყო გაფრთხილებული, რომ საქართველოში არ შეხვიდე და ვერ ბედავდა აქ შემოსვლას აქამდე, ახლა როგორ იქნება არავინ იცის..." - ამბობს კასრელიშვილი.

იხილეთ გადაცემა ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."