რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.

გუშინ, თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის დროს, ვრცელდებოდა ვერსიები, რომ სპეცოპერაციის გაჭიანურების მიზეზი ეჭვმიტანილების მხრიდან მძევლების აყვანა იყო, რაც სუს-მა მალევე უარყო. მეორე ვერსიით, ბინაში იმყოფებოდა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის ცოცხლად აყვანაც იგეგმებოდა. ერთი სიტყვით, ვიდრე შესაბამისი უწყებები საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხს არ გასცემენ, კიდევ უამრავი მოსაზრება გაჩნდება.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

"ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი, სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები მას 2003 წლიდან ეძებენ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში, ის ავსტრიაში გადავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

2008 წელს, ახმედ ჩატაევი, რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში, პოლიციამ დააკავა და იარაღი უპოვა. მაშინ ჩატაევმა, ადგილობრივ ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა.

2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და ასევე, აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს... უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის დოკუმენტში, ეჭვი შეეპარათ.

ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა ის, საქართველოს გადასცეს, სადაც მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ, გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა... 2011 წლის მაისში, ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა...

"შემდეგ იყო 2012 წლის "ლოპოტას ამბები", რა დროსაც ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ჩატაევი დააკავეს... იმ კონკრეტული დროისთვის, მას უკვე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა"- წერს რუსული მედია და დასძენს, რომ ჩატაევი გაამართლეს.

2015 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში გადავიდა და იმ მებრძოლებს შეურთდა. იმავე წლის ოქტომბერში, ჩატაევი ამერიკამ განსაკუთრებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, - მას ISIS-სთვის, რუსი და ევროპელი ახალგაზრდების "დავერბოვკება" ედებოდა ბრალად.

გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია. იმავდროულად, ის გარკვეული პერიოდი ინტერპოლის ბაზაში იყო, თუმცა, შემდეგ ამოიღეს.

რაც შეეხება მის კვალს საქართველოში - მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა.

ჩატაევმა აუდიომუქარა საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს მისი მეგობრის საშუალებით თურქეთიდან გამოუგზავნა და "პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების განთავისუფლებას" ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, თუმცა, ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აუფ ბორჩაშვილის ISIS-თან კავშირის ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს...

ბოლო მონაცემებით, ის სირიაში იმყოფებოდა. სააგენტო REUTERS-ის ინფორმაციით, "ბოევიკებს" რუსეთიდან სირიაში გადასვლაში სწორედ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. ისინი მათ უცხოურ, ყალბ პასპორტებს აძლევდნენ, ძველი პასპორტების მიხევდით კი, მათ ძებნას განაგრძობდნენ. სწორედ ამის შესახებ საუბრობს გამოცემასთან დაღესტნელი ბოევიკი, საად შარაპუდინოვი, რომლის თქმითაც, რუსეთში მას აფეთქების ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა, სპეცსამსახურების დახმარებით სირიაში გადასვლით უშველა თავს...

ჩატაევთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ - "კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას". გახარიას თქმით, თავდაპირველად სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

"შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო გაწეული და შესაბამისად, სამართალდამცველებმა დაიწყეს სპეცოპერაცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე