ბოლო წლების სისხლიანი ბიზნესგარჩევები საქართველოში

ბოლო წლების სისხლიანი ბიზნესგარჩევები საქართველოში

ბოლო პერიოდში, არაერთი შემზარავი მკვლელობის შემდეგ ითქვა, რომ მომხდარი შეკვეთილი მკვლელობაა. თუმცა, ხშირად შემკვეთების ვინაობას ძალოვნები ვერ ადგენენ და ასეთი საქმეები ბურუსით მოცულია წლების მანძილზე. რაც ყველაზე საგანგაშო და შემაშფოთებელია, ხშირად მკვლელობები დღისით, შუა ქალაქში ხდება და დამნაშავეები ნიღბების გარეშე მკვლელობის ჩადენას არ ერიდებიან, მერე მიმალვასაც უპრობლემოდ ახერხებენ.

ასე მოხდა ორი დღის წინაც, როცა ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც ამბობენ, ბიზნესმენი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და მომხდარი მიზეზი შესაძლოა ბიზნესწილებთან დაკავშირებული დავა იყოს. მკვლელი სავარაუდოდ , 30 წლამდე მამაკაცია, რომელმაც კახიძის მისამართით 7 ტყვია გაისროლა, 4 ტყვია მოხვდა ბიზნესმენს და ადგილზე დაიღუპა, მკვლელმა ფაქტის ერთადერთი თვითმხილველის, ოჯახის დამხმარის მოშორებაც სცადა და მასაც ესროლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის სიკვდილს გადაურჩა და მის ჩვენებაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე აქვს სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი, რადგან კახიძის საცხოვრებელ სახლთან არსებულმა კამერებმა აღბეჭდა დამნაშავე. არსებული ინფორმაციით, მკვლელს ხელთათმანები ეკეთა, ფეხზე ბახილები ეცვა და ორი იარაღიდან ისროდა, საიდანაც ერთი მაყუჩიანი იყო. თავდასხმის შემდეგ მკვლელმა კორპუსი უკანა სადარბაზოდან დატოვა. ეზოშივე გადააგდო დანაშაულის იარაღიც. პოლიციამ პისტოლეტი უკვე ამოიღო.

ნუგზარ კახიძე ოთხი კომპანიის მეწილე იყო, სამ კომპანიაში დირექტორი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახლდათ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი ვარკეთილის ბაზრობა იყო. გამოძიება მომხდარზე ორი მუხლით მიმდინარეობს. საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გამოყენებისთვის აღიძრა. ძალოვნები მომხდარის დეტალებს სწავლობენ და იმედია დამნაშავის გამოვლენას და მკვლელობის რეალური მოტივის დადგენას შეძლებენ.

კახიძის მკვლელობა, წელს ბიზნესმენის მკვლელობის ერთადერთი შემთხვევა არ არის - 2018 წლის 15 იანვარს რუსთავში, ე. წ. სტამბოლის ბაზარში, სამუშაო ოთახში ჩაცხრილეს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და პარლამენტის ყოფილი წევრი, 53 წლის სამსონ ქუთათელაძე. თავდასხმა დღისით, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა გენერალ ქუთათელაძეს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა. სამსონ ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მეწილე იყო და დღემდე ბურუსით მოცულია ამ მკვლელობის დეტალები. ეს გახმაურებული მკვლელობაც მაშინ ბიზნესის ირგვლივ დავას დაუკავშირეს და შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობდნენ. ისიც ცნობილია, რომ მეწილეებს შორის წილების იძულების დათმობის და გადაფორმების გამო, არაერთხელ მოხდა დაპირისპირება. ქუთათელაძის მკვლელობიდან 3 თვე გავიდა, მაგრამ უცნობია ვინ და რატომ გაიმეტა ბიზნესმენი სასიკვდილოდ.

ბიზნესწილებთან დაკავშირებული საკითხების მოტივს უკავშირებენ 2017 წლის იანვარში გორში მომხდარ მკვლელობას. დღის საათებში, ქალაქის ცენტრში ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი ჩაცხრილეს. მოკლულის ძმა ბორია გოგიჩაიშვილი გორში გავლენიანი პირია, საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს. ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვევაა - უფრო ადრე კიდევ ერთი ძმა მოკლეს.

კიდევ ერთი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ფიგურირებენ ქილერები. მართალია, პროკურატურამ ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და ბრალდებულებს მიესაჯათ კიდეც, თუმცა ოჯახის წევრებს ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი აქვთ და რაც მთავარია, ისინი მკვლელობის შემკვეთის დადგენას ითხოვენ. შეგახსენებთ, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს 13:43 საათზე, საქმიანი შეხვედრიდან სახლში დაბრუნდა, შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამჯერ გაისროლა, რითაც მას მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში.

მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული მოპედით მიიმალა. ფარიდ გურბანოვმა თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელიც მოგვიანებით ამოიღო გამოძიებამ. ეს საქმე რამდენიმე თვის შემდეგ, 21 იანვარს გახსნა დანაშაული პროკურატურამ და დამნაშავეების ვინაობა მაშინ გაირკვა. ცნობილია, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ფარიდ გურბანოვმა და ოლექსანდ დამედოვმა შეკვეთით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ორივე პირს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, აღნიშნულ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, თუმცა ამ დრომდე არავის დაუკავებია ისინი და პასუხი არ უგიათ ქილერებს. ამ შემთხვევაშიც, კულუარებში ბიზნესმენის საქმეშიც მკვლელობის მოტივად ბიზნესწილები სახელდებოდა.

ბიზნეს სექტორი შეშფოთებულია იმის გამო, რომ სისხლიანი ბიზნესგარჩევის რაოდენობამ მოიმატა. ისინი კიდევ ერთ გახმაურებულ მკვლელობაზე საუბრობენ, რომელიც ერთი წლის წინ მოხდა. 2017 წლის მარტში აბანოთუბანში 74 წლის ქართველი ებრაელი ბიზნესმენი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მამაკაცი საქართველოში მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბიზნეს პარტნიორებთან შესახვედრად ჩამოვიდა და ორთაჭალაში, აბანოთუბანში დასახლდა. საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ და ჩაქუჩით თავი გაუტეხეს. მისი სახლიდან დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი წაიღეს. მართალია მაშინ ეს დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა ბიზნესმენები თვლიან, რომ ეს საქმეც ბიზნეს გარჩევას უკავშირდებოდა.

სამართლის სფეროს სპეციალისტ ლევან ალაფიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ფაქტების შემცირება, სასამართლო სისტემის ეფექტურ ამუშავებასთან იქნება კავშირში. ამის შესახებ ალაფიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"თუ სასამართლო სისტემა არ იქნება კორუფციული და დავების სწორად წარმართვას შეძლებს, მსგავსი საზარელი ფაქტები მკვეთრად შემცირდება. 2012 წელს გაცემული დაპირება სამართლიანობის აღდგენისა და ე. წ. დაჩაგრული ბიზნესებისთვის ქონების დაბრუნების შესახებ უკვალოდ არ ჩაივლიდა. ამის დასტურია არაერთი მიმართვა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოებში. იმ ათობით ათასი განცხადებიდან ორი ასეული განცხადების დაკმაყოფილება ვერ იქნებოდა მოსახლეობის მხრიდან აღქმული, როგორც სამართლიანობა. გაჩნდა ცრუ მოლოდინი, რომელიც დღემდე არსებობს.

შესაბამისი ინსტიტუტებისადმი გადაჭარბებული მოლოდინი და მათი უმოქმედობა არის ის მიზეზი, რომელიც განაპირობებს სისხლიან დაპირისპირებას. ჯერ კიდევ სანამ დროა, ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, ამ ყველაფრის დასაწყისი საიდან მოდის, რომელი სისტემაა გასამართი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მსგავსი სისხლიანი გარჩევების ეტაპი ამ ქვეყანაში.

ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი, მაგრამ დემოკრატიული გზით, შესაძლოა, პრობლემის მოგვარება", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.

ადვოკატი და ყოფილი პროკურორი მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ასეთი დანაშაულების კატასტროფული მატება ქვეყანაში, შემაშფოთებელი ტენდენციაა:

"ჩვენთვის მოულოდნელი და არაორდინალურია ბოლო დროს მომხდარი ფაქტები, რადგან ჩვენთან ეს პრაქტიკა არ იყო, რომ დაქირავებულ ქილერს მოეკლა ადამიანები. სიტუაცია საგანგაშოა, რადგან სხვაც იფიქრებს, თუ შეუკვეთავს ასეთ მკვლელობას, ისიც დარჩება დაუსჯელი. ზოგადად ასეთი დანაშაულის გახსნა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თითქმის ყველა ბოლო დროს მომხდარ შემთხვევაში ხელწერა მსგავსი იყო. დანაშაული მოხდა დღისით მზისით, შევიდა მკვლელი, წარმოიდგინეთ ნიღაბიც კი არ ეკეთა, მოკლა და გაიქცა. როცა ღიად მოქმედებს დამნაშავე და ნიღბის გარეშე ჩადის დანაშაულს, გახსნის პრობლემა წესით არ უნდა იყოს.

- რა მიგაჩნიათ პრობლემის გადაწყვეტის გზად?

- ეს პრობლემები იქნება მანამ, სანამ სამართალდამცავ სისტემაში პროფესიონალებს არ მოიყვანენ. აქვე განვმარტავ, როცა ქილერი ჩადის დანაშაულს, ეს მარტო შს სამინისტროს პრობლემა არ არის, უშიშროება და სხვა სამსახურებიც მრავლად არის, რომელიც უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით. თუ შს სამინისტრომ კადრებს არ მიხედა და პრევენციაზე არ იმუშავა, უფრო უარესი სიტუაცია იქნება.

- როგორც წესი, ასეთი დანაშაულების გახსნის მიუხედავად შემკვეთის ვინაობა არ დგინდება, რატომ?

- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დამკვეთი დაცულია. ჯერ ერთი ძალიან რთულია, გახსნა დანაშაული და დაიჭირო ქილერი. ქილერი რომც დაიჭირო, ის დამკვეთის ვინაობას არ ამბობს და ბოლომდე უცნობი რჩება ვინ დაუკვეთა. ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს გამომძიებელმა, რომ მტკიცებულებების დონეზე დადოს და გამოავლინოს დამკვეთი. ვარაუდებით თუ დააკავებ, სასამართლოში გაამართლებენ და ხელში შეგრჩება უდანაშაულოდ დაჭერილი კაცი. ვთქვათ, რაღაც შეღავათები აღუთქვეს შემსრულებელს იმისთვის, რომ ოღონდ გახსნან და გავიდნენ შემკვეთზე, შეიძლება ასეთ დროს ალაპარაკდეს შემსრულებელი, მაგრამ ეს ფაქტობრივად არ ხდება. ასეც რომ მოხდეს, მხოლოდ ქილერის ჩვენებაც არ არის საკმარისი იმისთვის რომ შემკვეთი დაიჭირო და დასაჯო. მაშინ უნდა გაგყვეს ქილერი, ოპერატიულ დონეზე გამუშაოს, ღონისძიებები გააატარო მისი მონაწილეობით და უნდა დადო მტკიცებულებები, ეს კი ძალიან რთული ამბავია.

ამიტომ ვამბობ, ასეთ დროს პრევენცია უფრო ეფექტურია, უნდა იმუშავო იმისთვის, რომ არ მოხდეს ასეთი დანაშაულები. უშიშროება, შსს, უნდა ფლობდეს რეალურ სიტუაციას, უნდა იცოდეს ბიზნესწილებთან დაკავშირებით რეალურად ვის რა დავა აქვს, რომ მერე გაუადვილდეს გახსნა დანაშაულის და ფაქტების დალაგება, ვიდრე ის რომ იყოს ქილერის იმედზე.

დღისით რომ ხდება ეს დანაშაულები მიანიშნებს, რომ არ ეშინიათ დამნაშავეებს პოლიციის. ცალსახაა, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში და გარკვეული კრიმინალური ჯგუფები იმედიანად გრძნობენ თავს. დემოკრატიას რომ აწვება სახელმწიფო, ეს ასეთი დამნაშავეების სავანეა. ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის რეჟიმისადმი ძალიან მწვავეა, მაგრამ ვინც ასეთ დანაშაულებს ჩადის, მიმაჩნია რომ მკაცრად უნდა ისჯებოდნენ, რომ სხვამ არ გაბედოს შეკვეთილი დანაშაულის ჩადენა. ადვოკატი წესით ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ როცა შეკვეთილი მკვლელობები ხდება ეს არის უმძიმესი. პრობლემაა ის რომ, გარკვეული ჯგუფები საკმაოდ გააქტიურდნენ... საქართველოში ჩამოყავთ ქილერები, ესენი მრავლად არიან რუსეთში, უკრაინაში. შეუკვეთავ, ჩამოვა მოკლავს და წავა. ვიცი არსებობს ინტერნეტ გვერდებიც, სადაც სპეციალური კოდების მინიშნებებით შეგიძლია გამოიწერო ქილერი. ეს რეალობაა. მაღალ ტექნიკურ დონეზეა ეს გვერდები შედგენილი და ძალიან დაცულად გრძნობენ თავს...

თეა ხურცილავა, AMBEBI.GE

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს