აღდგენილი პატიოსნება

აღდგენილი პატიოსნება

ერთ ამბავს მოგიყვებით ჩემი კარის მეზობელი ირინკას (ისე ირინა ჰქვია, მაგრამ თვითონ გვთხოვა საახლობლოს, ირინკა დამიძახეთო და რა გაეწყობა?) ხელიდან წასვლის შესახებ. ერთ დღეს, ირინკას დედიკოს განწირული კივილ-წივილი შემოგვესმა და სწრაფად მოვიყარეთ მათ სახლში მთელმა სამეზობლომ თავი. სულ ცოფებს ყრიდა ქალბატონი ნაირა, - დამღუპეს, გუშინ შვილი შემიცდინეს, სად გამოვყო თავიო.

ნაირას სიტყვები უმრავლესობამ იწამა და მათთვის ირინკას პატიოსნება ისევ "საღ-სალამათი" დარჩა, მაგრამ ვინც წინა ღამით ირინკა საკმაოდ მშვიდი სახით ეზოში შევნიშნეთ, მისმა ნათქვამმა ცოტა არ იყოს, დაგვაეჭვა. იმ დღის მერე ირინკას პატიოსნება სასწორზე დაიდო და მანამდე თუ არავინ აქცევდა ყურადღებას, ახლა არამკითხეები ყოველ მის ნაბიჯს აკვირდებიან. ირინკას ყველა "მარშრუტკის" მძღოლი იცნობს და შესაბამისად - უფულოდაც მგზავრობს. ის ბევრჯერ შენიშნეს პოლიციელ ბიჭებთან ერთად და ვისაც ღრმად სჯეროდა ირინკას დედის სიტყვების, - შვილი შემიცდინესო, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ირინკა კი არ შეაცდინეს, უბრალოდ, ნაირამ თავი დაიზღვია და შვილს შერცხვენილი ნამუსი გამოუსწორა. ირინკას საქმრო ჰყავსო, ხმა გავრცელდა და კარგა ხანს საჭორაო თემად ჰქონდათ ეს ამბავი მეზობლებს.

სანახევროდ გახარებულმა და ფრთებგაშლილმა ქალბატონმა ნაირამ სასიძო შინ მიიპატიჟა, გვერდით მოისვა და შეწუხებული სახით გაუმხილა, - პატარა იყო ჩემი გოგო, რომ შემიცდინეს, იმის მერე დამეტანჯა შვილი და ახლა შენი გადასაწყვეტია, რას იზამო. მოკლედ, სასიძო ნამეტანი გულჩვილი და ბუნჩულა აღმოჩნდა და ირინკა ცოლად შეირთო. ნაირას არტისტობით ისე არიან მეზობლები გაბრაზებულები, ერთი მაინც წამოაყრანტალებს ირინკას პატიოსნება-არპატიოსნებაზე რამეს. ირინკას კი უცოდველი კრავივით მოაქვს თავი და შერცხვენილ ნამუსს ჭკვიანურად მალავს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, "კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო?!" ჰოდაა, ღმერთმა ნუ ქნას და თუ რაიმე ახალი მოხდა, აუცილებლად მოგწერთ.

განძის მაძიებლის მაძიებელი.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

"ბედნიერი" სამსახური