რთული არჩევანი

რთული არჩევანი

გადავწყვიტე, ჩემი ორმაგი ცხოვრების შესახებ გიამბოთ. თუ მოახერხებთ და დამიბეჭდავთ, გამახარებთ. თუ არა და, მაგასაც გაგიგებთ. ვერ ვიტყვი, რომ უსიყვარულოდ გავთხოვდი ან ყველაზე უარესი ხასიათი ჩემს ქმარს ჰქონდა. უბრალოდ, არ იყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობა ყველა მომენტში შემძლებოდა. თუ რამე პრობლემა იყო, ვერავისთან მივიდოდა, არ იცოდა, გამოუვალ სიტუაციაში რა უნდა ექნა და მე გადმომაბარებდა ხოლმე. ამასობაში გავიდა 3 წელი და ორი პატარაც შეგვეძინა.

ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ ჩაუვარდა. დავრჩით ჩემი ხელფასის იმედზე, რაც ბავშვებსაც კი არ ჰყოფნიდათ. თუ აქამდე ვითმენდი მის უმოქმედობას, ახლა უკვე ვითხოვდი, განძრეულიყო და ოჯახისთვის მიეხედა, მაგრამ ის მთელი დღე არხეინად დივანზე იყო წამოწოლილი და ნებივრობდა და ჩათაობდა. ეს სულ მაგიჟებდა და უფრო ამწვავებდა სიტუაციას. მოვთხოვე, ბავშვები სოფელში წაეყვანა დედამისთან დროებით და თვითონაც ემუშავა. დამიჯერა, გზის ფული მივეცი, გავაცილე და... რამდენიმე საათში დამირეკა, - ჩავედით ჩვენ, შენ კი ბავშვებს ვეღარ ნახავო. გადავირიე, მაგრამ დედაჩემმა დამამშვიდა, - მალე თვითონვე დაგირეკავს, რომ ბავშვები წამოიყვანოო. მეც დაველოდე მოვლენების განვითარებას. ამასობაში გავიცანი პიროვნება, რომელიც გვერდით დამიდგა და ეს ყველაფერი გადამატანინა.

მარტო არ მტოვებდა, ატირებულს ბავშვების სურათს ხელიდან მართმევდა, - მალე შენთან იქნებიანო. მართლაც, ვაჟბატონმა ბავშვები დამიბრუნა, - იქ სოფელია და ბავშვები ბაღში ვერ ივლიან, შენთან იყვნენ და მე დაგეხმარებიო. სხვა ბინაში გადავედით მე, ბავშვები და ჩემი სიყვარული და ვცხოვრობდით ბედნიერად, თუმცა, ერთ დაწყევლილ დღეს ჩემი ერთადერთი ჯარში წაიყვანეს და იცით, რატომ? - მე რომ დავშორებოდი, იმიტომ. მამამისმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და... არადა, ვიცი, იქ ვერ გაძლებს, სულიერად განადგურებული დაბრუნდება. უღირს კი მის მშობლებს ჩემი დაშორება შვილის ავადმყოფობად? მივედი მამამისთან და ვთხოვე - ოღონდ მაგას ნუ გაუშვებთ და პირობას გაძლევთ, დავშორდები-მეთქი. სულ ტყუილად, - რეაქცია არ ჰქონია. დღეს მე და მეუღლე ერთ სახლში ვცხოვრობთ, თავად შემომთავაზა შერიგება და უარი არ მითქვამს. მე პარალელურად, ყოველ კვირას დავდივარ ნაწილში მის სანახავად, მეუღლეს კი ვატყუებ, რომ სამსახურის საქმეზე დავდივარ-მეთქი. ის ცდილობს, დანაშაული გამოისყიდოს, მაგრამ ეს უფრო მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის. მისი ზედმეტი ყურადღება აუტანელია.

მე ხომ მხოლოდ ჩემს სიყვარულზე ვფიქრობ. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ვერც მას ვუმხელ, მეუღლესთან რომ ვცხოვრობ. მართალია, სხვადასხვა ოთახში გვძინავს, მაგრამ ეს მაინც ძნელი იქნება მისთვის. ასე მიწევს და ვთამაშობ კიდეც, ორმაგ თამაშს და ამის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ. ყველას მთელი გულით ვთხოვ პატიებას. უბრალოდ, ის მართლა მთელი გულით მიყვარს და ამ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი და კიდევ ერთი: ყველას გირჩევთ, არავის გამო არ თქვათ უარი თქვენს სიყვარულზე. დამიჯერეთ, ის მართლა ერთხელ მოდის.

უცნობი, 25 წლის.

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება

"ბედნიერი" სამსახური