ბრალდებები, რის გამოც გიგი უგულავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრალდებები, რის გამოც გიგი უგულავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბოლო განახლება: გიგი უგულავას პირველი კომენტარი საგამოძიებოს დატოვების შემდეგ - "მთავარი მოწმე კობა ბექაურია"

გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უგულავას სისხლის სამართალის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განმარტეს, რომ უგულავა დაკავებული არ არის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქ.თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2007 წლის 07 დეკემბერს, შპს "სი-ტი პარკსა" და ქ.თბილისის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარის გაცემის შესახებ", რომლის თანახმად თბილისში პარკირების მომსახურების გაწევა გადავიდა ექსკლუზიურად შპს "სი-ტი პარკ"-ზე, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის (ჯარიმების) 60%-ს მიიღებდა ქ.თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს "სიტი პარკი". ამავე ხელშეკრულების თანახმად, შპს "სი-ტი პარკს" მიეცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის და ამავე კოდექსის 1252 მუხლით დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის მიღებული შემოსავლის 40% უნდა წარიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, 60% ადგილობრივი ბიუჯეტში, ხოლო ამავე კანონის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის შედგენილი საჯარიმო თანხები ავტომატურად მიიმართება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

მიუხედავად აღნიშნულისა, გიორგი უგულავამ, რომელსაც 2006-2013 წლებში ეკავა ქ.თბილისის მერის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სი-ტი პარკის"" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში. კერძოდ, გიორგი უგულავამ შპს ,,სი-ტი პარკი""-ს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 40%, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს ,,სი-ტი პარკის" ანგარიშზე.

ამავდროულად, გიორგი უგულავას გადაწყვეტილებით, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,სი-ტი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წლის 06 აპრილს შევიდა ცვლილება N3, რის საფუძველზე კვლავ კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის შპს ,,სი-ტი პარკი" თბილისში საქმიანობით სოლიდური მოგებას იღებდა და სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობდა კომპანიისათვის რაიმე დამატებითი შეღავათის დაწესების აუცილებლობა, შპს "სი-ტი-პარკმა" ხსენებული ცვლილებით თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული ჯარიმიდან დამატებით მიიღო 3 ლარი, 40% წარიმართა კომპანიის ანგარიშზე.

ამდენად, ქ.თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-ტი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ: უგულავა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა? - "გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია..."

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა