"საქართველოს მართავს უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი

"საქართველოს მართავს  უწიგნური, მობანდიტო, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონიდან მისი და მისი ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, საქართველოში სახელმწიფოებრიობის მთავარი ღერძი მოიშალა.

"ეს ქონება, რომელიც ამ დღეებში ივანიშვილმა წაიღო, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ახმარს ფულს ხალხს და არც ერთ თეთრს საკუთარ თავსა და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი და უფრო პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლია – ერთადერთი ქონება, რაც მე შევქმენი 9 წლის განმავლობაში. წყალსაც წაუღია ეს ქონება, ჩემთვის სკამი არაფერს ნიშნავს, ეს სახლი არაფერს ნიშნავს - მიყვარს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს პირად ემოციებს. რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული ისაა, რომ ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესი, საქართველოში ხდება ის უკანონობა, რაც დღეს ხდება, საქართველოში ხდება ის დეგენერატიზმი, რაც დღეს ხდება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მისი და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას უშუალოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და ფიქრობს, რომ ყველას დღეს სწორედ ის მართავს.

"პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე ქონება დამიყადაღეს, საქართველოში ისედაც ვერ ჩამოვდივარ ჯერჯერობით, სხვა რაღაცაშია საქმე – დღეს საქართველოში მთავარი რამე მოიშალა, საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო, დაულაგებელი, დაბოღმილი, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა მთაზე, უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვის რა ქონება წაართვას და ვის რა დაუბრუნოს, ვინ ჩასვას და ვინ გამოუშვას, ვინ გარიცხოს და ვინ მიიღოს, "პოლისჯოხით" დანიშნოს ამ თანამდებობაზე თუ იმ თანამდებობაზე. მოშლილია მთავარი ღერძი სახელმწიფოებრიობის", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ საბანკო ანგარიშებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდი დანაზოგი არ აქვს. "მინდა განვმარტო რა ქონებაზეა საუბარი, რადგან მთელი საღამო ატრიალებენ სააკაშვილის ქონება, სააკაშვილის სახლები, სააკაშვილის ნაკვეთები, სააკაშვილის მანქანებიო. რა არის ჩამონათვალში? – ეს არის ყვარლის სახლი და რაც არ უნდა თქვას ივანიშვილის პროკურატურამ, რომ იქ არის 9 თუ 10 ნაკვეთი, ეს არის საერთო ჯამში 2 ჰექტარი მიწა ყვარელში, ეს არის 75 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი, ეს არის სანდრას ბინა, რომელიც მამამისმა უყიდა 90-იან წლებში და ეს არის ბებიაჩემის ბინა მშენებარე, რომელიც 10 წელია შენდება და ვერ დამთავრდა, ეს არის დედაჩემის და ოჯახის კუთვნილი ძველი მანქანები. რაც შეეხება ანგარიშებს, არანაირი დიდი დანაზოგები არ მაქვს - ყველაფერი, რაც მოვიპოვე და მოვაგროვე, ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ბებიაჩემი მზია წერეთელი დედაჩემთან ერთად დღეს პეკინზე საწყობად ქცეულ ბინაში ცხოვრობს – იქ, სადაც გავიზარდე", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დაგაინტერესებთ: |მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

- სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი ბინის დაყადაღებასთან დაკავშირებით

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა