"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

ალბათ, სულ არ გვჭირდება სტატისტიკა ან ოფიციალური ციფრები იმის დასანახად, რომ ბოლო პერიოდის კრიმინალურმა ფაქ­ტებმა შეგვაშფოთოს - თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს გადავავლოთ თვალი: ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში­ დახოცეს; ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე, დღისით საკუთარ კაბინეტში, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით მოკლეს; გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში,­ სამი კაცი დაჭრეს; 27 წლის თამაზ ქვლივიძემ კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაჭრა...

სპეციალისტების აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, დაუსჯელობა კი ნებისმიერ კრიმინალურ შემთხვევაზე დიდი დანაშაულია, რაც აუცილებლად წარმოშობს ახალ, უფრო მძიმე დანაშაულს, მათ შორის საჯარო მოხელეების ჩართულობით.

ბოლოდროინდელ კრიმინალურ შემთხვევებზე "კვირის პალიტრამ" მოამზადა სტატია - "პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების შემდეგ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ "პატრონს" მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ.

"გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. არც ისე დიდი ხნის წინ ზუგდიდში ვიცავდით მოქალაქეს. მას სამართალდამცველებმა სცემეს და როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის იჩივლა, რეალობის დადგენის ნაცვლად, საგამოძიებო პროცედურები არ ჩატარებულა და საბოლოოდ, საქმე ცრუ დასმენად გადაკვალიფიცირდა. დღეს მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ცემაში სდებდა ბრალს, თავად იხდის სასჯელს ცრუ დასმენისთვის.

მსგავსი შემთხვევები ბადებს აზრს დაუსჯელობის სინდრომზე. მუხლების გადაკვალიფიცირება და ამ გზით გამოძიებისას სხვადასხვა მანიპულაცია მართლაც ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საბოლოოდ ამას მივყავართ იმ შედეგამდე, რომ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ "პატრონს" მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ... სწორედ ამიტომ ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს ნებისმიერი საქმის ობიექტური გამოძიება. რაც შეეხება ქვლივიძეს საქმეს, დასადგენია, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არგუმენტირებული იყო პროკურატურა და დასაბუთებულად ითხოვდა თუ არა ბრალდებულის დაკავებას; ასევე გამოსაკვლევია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განსხვავებული გადაწყვეტილებების მიზეზი. მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არა მხოლოდ უსამართლო, არათანმიმდევრულიც არის", - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, "ბასიანის საქმეს" უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, რადგან ქვლივიძის შემთხვევამ უამრავი კითხვა გააჩინა.

"ქვეყანაში მსგავსი ვითარება მართლმსაჯულების რეფორმის არარსებობამ განაპირობა. ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებს გვთავაზობდა და დღემდე ასეა, რამაც სისტემა ვერ გააჯანსაღა, პირიქით, მეტი პრობლემა გაჩნდა, რაზეც არა მხოლოდ ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიგვანიშნებენ... მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, სახელმწიფო ავტომატურად ჩამოშლისთვისაა განწირული. თუ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენისას "პატრონიანისა" და "უპატრონოს" დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ", - აღნიშნავს სალაძე.

წაიკითხეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ