"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდო გუგეშაშვილი 33 წლის იყო, ის ვეტერანთა საბჭოში მუშაობდა, თუმცა წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს და მუშაობა ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. მოგვიანებით ეს სამსახურიც დაკარგა და დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

AMBEBI.GE დოდო და ნოდო გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა:

- სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ათი წუთით ადრე ვესაუბრე დოდოს ტელეფონზე, კვირას ვეტერანების ღონისძიებაა დაგეგმილი და ამის შესახებ ვსაუბრობდით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს, ვინმე თუ უთვალთვალებდა ან ემუქრებოდა.

- ამბობენ, რომ ბევრი ვალები ჰქონდათ და ამის გამო მოხდა შელაპარაკება?

- ვალები ნამდვილად ჰქონდათ. დედა-შვილი უმუშევარი იყო, თან დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ ჰქონდათ. ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ. ყველა მევალესთან პასუხისმგებლობა ჰქონდა, როცა ერთი დაურეკავდა და ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მეორესგან სესხულობდა და ასე გაჰქონდა თავი.

- შესაძლოა ეს ძველ შურისძიებას უკავშირდებოდეს?

- შესაძლოა ძველ შურისძიებასაც უკავშირდებოდეს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბავშვს რას ერჩოდნენ, რატომ გაწირეს ნოდო... დოდო სულ მარტო დადიოდა და დახვედროდნენ სადმე, თუ შურისძიება უნდოდათ.

- მისი ვაჟი რას საქმიანობდა?

- მე და ნოდო ვეტერანთა საბჭოში ერთად ვმუშაობდით, შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ნოდო და უდიდეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება.

- ამბობენ, რომ მკვლელი იცნობდა ოჯახს?

- ასე გამოდის. დოდო უცხო პირს კარს არ გაუღებდა.

- რას ამბობენ მეზობლები?

- ისინი იქ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ხმა არავის გაუგია. დოდო მე-13 სართულზე ცხოვრობდა და მეზობელმა დაინახა, როგორ ჩავიდა ფორთხვით მე-11 სართულზე და იძახდა მკვლელი, მკვლელიო. განადგურებულები ვართ ყველანი. ნოდოს თავში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, დოდოს გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს