ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან

ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს  - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან

ჯასპერ ბლექი თითქმის ყველა ქართველმა გაიცნო ერთ დღეში. ჰოლანდიელი მოგზაური ის იღბლიანი მე- 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. აქ მას სიურპრიზებით სავსე ერთი კვირა ელოდა. ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას (იხილეთ ვიდეო)

Georgian Journal-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ წლის ყველაზე პოპულარულ და იღბლიან ტურისტთან. ჯასპერ ბლექი იმ ჯადოსნურ ერთ კვირას იხსენებს, რომელიც საქართველოში გაატარა:

"გავიზარდე ჰოლანდიაში, თითქმის ორი წლის წინ წავედი ესპანეთში ბარსელონაში. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მიყვარს წერა, ვიდეოების გადაღება მოგზაურობა. მოგზაურობა და რაიმეს შექმნა (მაგალითად მუსიკის, ვიდეოს) ჩემი მთავარი გამოწვევებია. ბოლო ექვს თვეში შემოვიარე 4 კონტინენტი, ეს იყო გიჟური მოგზაურობა, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ. გადავწყვიტე არ დავხარჯო ფული უკანასკნელი თაობის მობილურსა და ლეპტოპში და დავხარჯო რომელიმე ქვეყანაში გასამგზავრებელ ბილეთში.

მოგზაურობაზე ბლოგის წერა რამდენიმმე თვის წინ დავიწყე. როცა მოგზაურობ, უამრავ ადამიანს ხვდები და იცნობ, ულამაზეს ადგილებს ათვალიერებ, შეიგრძნობ ათასობით არაჩვეულებრივ ისტორიას, ამიტომ დავიწყე მათი შეგროვება. თავდაპირველად ამ ყველაფერზე ვწერდი, მაგრამ ექვსი თვის წინ გადავწყვიტე წერიდან ვიდეოს კეთებაზე გადავსულიყავი.

- როგორ შეიტყვეთ საქართველოს შესახებ?

- დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ვმუშაობი საერთაშორისო სტუდენტების ჯგუფთან, რომლებსაც ჰოლანდიის ღირსშესანიშნაობებს და სამზარეულოს ვაცნობდი. მათ შორის იყო ქართველი გოგონა ნინუცა (24 წლის ნინო ნანიტაშვილი, რომელიც საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელია, ავტ), რომელიც ჰოლანდიაში სასწავლებლად იყო. დავმეგობრდით, მან ორი წლის წინ საკუთარ ქორწილშიც დამპატიჟა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომიწვია საქართველოში, თუმცა აქამდე ვერ მოვახერხე ჩამოვსულიყავი. აეროპორტში ნინუცა და მისი ქმარი უნდა დამხვედროდნენ და ამის ნაცვლად ეს ყველაფერი მოხდა... დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ჩემი სახელი ეჭირა, ჩემი ნამდვილი სახელი და არა ის, რომლითაც სოციალურ ქსელში მიცნობენ. ასე რომ, ვიფიქრე, რადგან ჩემი ნამდვილი სახელი აწერია, ის ნინუცას გამოგზავნილია. ამიტომაც გავყევი. მერე იცით რაც მოხდა, მომატარეს ქალაქი, სადაც ჩემი სახე ჩანდა ბილბორდებზე, შემდეგ კი იმ მთაზე ამიყვანეს (მთაწმინდა). როცა პრემიერ-მინისტრი წავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ვნახე ჩემი მეგობარი.

- რა იფიქრეთ პირველად, როცა მანქანაში ჩაჯექით და ეს თავგადასავალი დაიწყო?

- წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, ამიტომ თავიდან ცოტა ავნერვიულდი კიდეც, თუმცა მერე როცა მათგან წერილი მივიღე, დავმშვიდდი. მერე როცა პოლიციის ესკორტიც დავინახე, მივხვდი, რომ ცუდი არაფერი მემუქრებოდა. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ნინუცა ასეთი ვინ არის, ან მისი მამა, მეუღლე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, როცა ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ მე-6 000 000 ტურისტი ვარ, მივხვდი რომ არ მეხუმრებოდნენ, იმდენად ოფიციალური იყო ყველაფერი. ყველაზე სასაცილოა ის, რომ ძალიან მშიერი ვიყავი. დასაწყისში ღვინო, სხვადასხვანაირი ყველი, თხილეული ეწყო მაგიდაზე, მაგრამ ჩემ გვერდით პრემიერი იჯდა და მეუხერხულებოდა. მაგრამ თანდათან ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა ყველა ამ გემრიელობის ჭამისა.

- რაზე ესაუბრებოდით პრემიერს?

- მის ოჯახზე, ჩემს ძმებზე. ყოველ წელს მე და ჩემი ძმები რომელიმე ქვეყანაში ვხვდებით ერთმანეთს. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში, ამ წელს ბარსელონაში. ახლა დავგეგმეთ, რომ ოდესმე საქართველოშიც შევიკრიბებით. პრემიერთან ბარსელონაზეც ვისაუბრეთ, მეორე დღეს მადრიდში მიფრინავდა მგონი კონფერენციაზე.

- რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?

- უამრავი რამ გავსინჯე, მაგრამ საუკეთესო და ყველაზე გემრიელი ნიგვზიანი ბადრიჯანია, რომელსაც სიამოვნებით შევჭამდი ყოველდღე. ხინკალი ცოტა უცნაური საჭმელია, მაგრამ ძალიან მომეწონა. მომეწონა ხაჭაპურიც. გაქვთ არაჩვეულებრივი ღვინოები და ჭაჭა, რომელიც ჯერ ვერ გავარკვიე, მიყვარს თუ მეზიზღება. როცა მას ვსვამდი, ნაბახუსევზე მეუბნებოდნენ "კიდევ დალიე და უკეთ გახდებიო".

- მოგვიყევით თქვენს მოგზაურობაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში...

- თბილისში ორი დღე გავატარე, შემდეგ კი მატარებლით ბათუმში წავედი, რომელიც არაჩვეულებრივია. მომეწონა მატარებელიც, არაჩვეულებრივი ხედები მგზავრობის დროს. ბათუმში ერთი ღამე გავატარე და გოდერძიზე წავედით. ზამთრის კურორტი სუპერ-შთამბეჭდავია! იქედან კი კახეთში წამოვედით. საერთო ჯამში, 7 დღე გავატარე საქართველოში. ამ დროში ჩემი მეგობარი ნინუცა სულ სამი დღის მანძილზე ვნახე. მთელი დროის მანძილზე გადამღები ჯგუფი იყო ჩემთან ერთად, ყველა საოცარი ადამიანია! ეს ნამდვილად გიჟური თავგადასავალი იყო!

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ალბათ ზაფხულში ჩამოვალ. მომწონს ბარსელონაში ცხოვრება, თუმცა ვინ იცის, იქნებ საქართველოში ერთი წლით ჩამოსვლაზეც ვიფიქრო, საინტერესო სამსახური ვნახო აქ. მე გახსნილი ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის.

- რას ეტყვით მათ, ვისაც ჯერ საქართველო არ უნახავს?

- რაღაცნაირად მინდა საქართველო მხოლოდ ჩემთვის შევინახო. ეს ცოტა ეგოისტურია, თუმცა რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა ნახონ. ის განსაკუთრებული ადგილია. არ გავს არაფერს რაც აქამდე მინახავს, ქვეყანა არაჩვეულებრივია, ხალხი არაჩვეულებრივია. თუ კი ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში, უნდა შეწყვიტოს ფიქრი და იყიდოს ბილეთი!

ლიკა ჭიღლაძე Georgian Journal-ისთვის

წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო Georgian Journal-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი