ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების ჩხუბის დროს მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა პირველ კომენტარს აკეთებს და ტრაგედიის დღეს იხსენებს. როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ზაზა სარალიძე ჰყვება, მომხდარის შესახებ მან მასწავლებლისგან გაიგო.

"იმ დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი, დამირეკა დამრიგებელმა და მითხრა, რომ სასწრაფოდ სკოლაში მივსულიყავი. მივედი, შესასვლელში დამხვდა დამრიგებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. კი გამიკვირდა დაღვრემილი სახეები რომ ჰქონდათ... მითხრეს, ფეხშია დაჭრილი ბავშვი, საავადმყოფოშია და არ ინერვიულოო... გავიქეცი საავადმყოფოში და დანარჩენი კი იცით. როდესაც ოპერაციები დასრულდა ექიმიც ვნახე და პირდაპირ მითხრა, რომ გადარჩენა რთული იყო" - იხსენებს მოკლული მოზარდის მამა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არც მისი შვილი და არც მეორე მოკლული, ლევან დადუნაშვილი 51-ე სკოლასთან მომხდარი ჩხუბის ინიციატორი არ იყვნენ. 

"ლევანი და დათო მეგობროდნენ, პარალალური კლასელები იყვნენ. როგორც ვიცი, ლევანი საერთოდ, შემთხვევით მოხვედრილა იქ. ვიცი, რომ ჩემი შვილი თავის მეგობარს გაჰყვა დასახმარებლად და როგორც ჩანს, ლევანი შემთხვევით მივიდა იქ... ჩოჩქოლი რომ დაინახა, ალბათ უნდოდა გაეგო რა ხდებოდა და შემთხვევით მოყვა ამ ყველაფერში", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მოკლული მოზარდის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არის.

"რეალურად რომ ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული გამორიცხულია, რომ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ ეგ გააკეთოს. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა, პლიუს შვიდი ისე ჭრილობა... გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო ვერ მოერეოდა, შიშველი ხელებით ვერ მოერეოდნენ და ეგ იყო მისი ყველაზე დიდი მინუსი, რომ ძლიერი იყო და ამის გამო იყო, რომ მათ იარაღები იხმარეს..." - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დათო სარალიძეს კონფლიქტამდე რაიმე შეხება პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან დაკავებული, ზაზა სარალიძე პასუხობს: "არაფერი ვიცი, ამბობენ, რომ ერთ-ერთი ჩემი შვილის რაგბის თანაგუნდელი იყო".

"მოვისმინე ასევე ინფორმაცია, რომ ჩხუბის მომენტში იყვნენ მოზარდები, ვინც ჩემს შვილს აკავებდნენ... თუ ვიღაც აკავებდა ჩემს შვილს და სხვა დანას ურტყამდა, ესეიგი იქ ორი კაცი არ იყო, მეტი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია და იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს... გამოძიების შედეგებს მოუთმენლად ველოდებით, არ მინდა მოსმენა ჭორების, რაც ვრცელდება, ისიც არ ვიცი ჭორებია თუ სიმართლე... ჩემი შვილის მეგობრები ვინც მოდიან ყველას ვეუბნები, რომ ბიჭებო წყნარად იყავით, არაფერი გულში არ ჩაიდოთ, ეს უფლის ნება იყო. ყველას მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ, რომ ამას დაპირისპირება არ მოჰყვეს, ცხელ გულზე სოლიდარობა, რომ არ გამოუცხადონ ჩემს შვილს და ლევან" - ამბობს ზაზა სარალიძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

ნახეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი, ლევან დადუნაშვილი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე ორი დღის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რა მდგომარეობაში არიან მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები

ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი