ავტორი:

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ზურა ჯაფარიძის და სხვების პროცესი მიმდინარეობს: ფოტო პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ზურა ჯაფარიძის და სხვების პროცესი მიმდინარეობს: ფოტო პროცესიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, 7 მარტს დაკავებული მომიტინგეების სულ სამი პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 2 000 ლარიანი, ხოლო მეორეს, 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, აქციის ერთ-ერთი მომიტინგის ადვოკატის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო.

"მთვარი არხი" ავრცელებს სასამართლო დარბაზიდან პოლიტიკოსის ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ.

ასევე იხილეთ: