ავტორი:

"ზურა იქამდე სცემეს, ვიდრე არ გაჩუმდა - თავზე ხელკეტის დარტყმისგან გაჩენილი წითელი ლაქები აქვს" - რა ინფორმაციას ავრცელებენ ჯაფარიძეზე ძმა და ადვოკატი?

"ზურა იქამდე სცემეს, ვიდრე არ გაჩუმდა - თავზე ხელკეტის დარტყმისგან გაჩენილი წითელი ლაქები აქვს" - რა ინფორმაციას ავრცელებენ ჯაფარიძეზე ძმა და ადვოკატი?

"გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ბარამაშვილი განმარტავს, სამედიცინო დახმარება ესაჭიროება ნიკა მოსიაშვილსაც.

"ორივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზურაბ ჯაფარიძე დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა, ეუბნებოდნენ, გაჩუმდი, თორემ შენ ცემას კიდევ გავაგრძელებთო და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა. ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე წიწაკის სპრეი [კვალი] აქვს, რაც აქციის დროს გამოიყენეს. როგორც ჩანს, მისი სტანდარტულად მოშორება შეუძლებელია. სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ბევრჯერ მიმართა სამედიცინო პუნქტს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ ხდება.

დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ვიდეოჩანაწერებია, თუ როგორ აკავებენ მათ, შეურაცხყოფას და არც დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ჩვეულებრივი საუბარი იყო და ამ საუბრის დროს დააკავეს, აფორთხიალეს და იქამდე ურტყეს, ვიდრე არ გააჩუმეს. ზურას დაზიანებები თვალსაჩინოა და ეტყობა, მათ შორის, თავზე ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი აქვს წითელი ლაქები. ზურაბ ჯაფარიძის მიმართვის საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - აცხადებს ბარამაშვილი.

ცოტა ხნის წინ პოსტი დაწერა ზურაბ ჯაფარიძის ძმამ, გია ჯაფარიძემ:

"ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას.კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო" - წერს გია ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

ნახეთ ასევე: