ავტორი:

"პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და სასტიკად გაუსწორდა" - რას აცხადებს ზურაბ ჯაფარიძის ძმა?

"პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და სასტიკად გაუსწორდა" - რას აცხადებს ზურაბ ჯაფარიძის ძმა?

ზურა გირჩი ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულ პოლიტიკოსს თავის არეში აღენიშნება ტრავმები, რომელიც დაკავებისას მიიღო.

"ხვალ ღამე იწურება ის 48 საათი და მოლოდინია, რომ ხვალ იქნებ ჩანიშნონ სასამართლო. თუმცა, ეს არის მხოლოდ მოლოდინი, დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ინფორმაცია მაქვს მხოლოდ მისი ადვოკატებისგან და სახალხო დამცველის აპარატისგან... მას აღენიშნება ტრავმები, რომელიც მიიღო დაკავებისას და შემდეგ სუს-ის ეზოში, როცა პოლიციამ რაღაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და სასტიკად გაუსწორდა. ძირითადად, ტრავმები აქვს თავის არეში", - თქვა გია ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

პოლიციამ "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, სკ-ის 166/173 -ე მუხლებით დააკავეს.

ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის მეუღლემ, ნათია ქორიძემ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს პოლიციელები "დუბინკებით" გაუსწორდნენ.

"ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე, როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ყავთ დიღმის იზოლატორში.

წესიერი სამედიცინო დახმარება როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?" - წერს ქორიძე.

წაიკითხეთ ასევე: