შრიფტი
13:36 / 10-05-2017
5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა
სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება. "ფეისბუქზე" ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედება ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებს მათ. ხშირად, ეს ყალბი ამბები უწყინარია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა ნამდვილ ამბად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ზიანის მომტანი გამხდარა საზოგადოებისთვის. ჩვენ შეგახსენებთ 5 ტყუილს, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა:

წალენჯიხა თუ ტაილანდი?

"ეს ფოტო ამერიკელის გადაღებულია და ჯეოგრაფიკის გამარჯვებულია! წალენჯიხა! მდინარე ჭანისწყალს უამრავი შენაკადი გააჩნია. ერთ-ერთია "ოტოფუე", აპრილის თვეში იქ ქვირითის დასადებად თევზები ამ სახით მიერეკებიან ხოლმე" - ფოტომ ამ წარწერით ქართული ინტერნეტსივრცე გასულ წელს დაიპყრო.

ულამაზესმა სანახაობამ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ "საქართველოს ბუნება ასე მდიდარია", ნაწილს კი დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ამდენ თევზს "გამრავლებას ვინმე დააცდიდა, ლიფსიტასაც კი არ დატოვებდნენ".

მოკლედ, ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტო ფეისბუქზე ათასობით ადამიანმა გააზიარა. თუმცა, როცა AMBEBI.GE დაინტერესდა, ნამდვილად საქართველოში იყო თუ არა გადაღებული ფოტო, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა...

Google-ში ხანგრძლივი ძიების შედეგად გავარკვიეთ, რომ ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ ტაილანდშია გადაღებული, ნამტოკის ეროვნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რომელიც მდიდარია მდინარეებითა და ჩანჩქერებით (წაიკითხეთ ვრცლად)


"ბორჯომი" "იუვეს" სუფრაზე?

კიდევ ერთი ფეისბუქ-ტყუილი რამდენიმე კვირის წინ "დაატყდა თავს" ქართველ ინტერნეტმომხმარებლს. ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ექნებათ სასაუბროდ "ბარსელონა"-"იუვენტუსის" 19 აპრილის შერკინება "კამპ ნოუზე". ქართველი ფეისბუქმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში "ბარსელონას" მარცხს, მაგრამ მატჩის შემდეგ განხილვის კიდევ ერთ თემად ერთი უწყინარი ფოტო გახდა.

ფოტოზე "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან ასახულნი, რომლებიც ტრიუმფს ზეიმობენ. ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა მათი გამარჯვებული სახეების მიღმა სუფრაზე ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს: მინერალური წყალი "ბორჯომი".

თავიდან ფოტოს ინტერნეტმომხმარებლებში აღფრთოვანება მოჰყვა. გავრცელდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე და უამრავი სიამაყით აღვსილი კომენტარი დაიწერა, რომ "იუვეს" ფეხბურთელები ქართულ მინერალურ წყალს სვამენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ფოტო "ფეიკი" აღმოჩნდა და უბრალოდ, კარგი მონტაჟის შედეგია (წაიკითხეთ ვრცლად)


"ვეფხვი" პეკინზე

2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ, საზოგადოება კარგა ხანს იყო პანიკაში. ამას ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების შიშიც დაერთო. რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა სამსახური ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ზოლებიან აფთარს და უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებდა.

ფეისბუქზე ვრცელდებოდა უამრავი ფოტო, ინფორმაცია, რომელშიც მოქალაქეები ირწმუნებოდნენ, რომ ვეფხვი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში შენიშნეს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, რომელზეც თბილისში, პეკინის ქუჩაზე ხის ჩრდილში "მჯდომარე ვეფხვი" ჩანდა. ფოტომ თავდაპირველად შიში გამოიწვია მოქალაქეებში, თუმცა მალევე აღმოაჩინეს რომ ვიღაცამ ბოროტად იხუმრა - ვეფხვი "პლუშის" სათამაშო აღმოჩნდა...



"აფხაზეთის ომის გმირების" ფოტო, რეალურად ირანშია გადაღებული
რამდენიმე თვის წინ ფეისბუქზე ვირუსულად გავრცელებული ეს ფოტო, ალბათ ბევრს გახსოვთ. ფოტოზე იყო წარწერა: "აფხაზეთში დაღუპული მეომრების შვილები მამების ფოტოსთან"... თუმცა, ფოტოს რეალურ ისტორიას აფხაზეთიდან ძალიან შორს - ირანში მივყავართ.

რეალურად ფოტოზე ირანისა და ერაყის ომის შემდგომი პერიოდია ასახული. როგორც ამბობენ, ფოტოზე იმამ ჰუსეინის მე-14 დივიზიის მებრძოლების ორიგინალი ფოტოს
ფონზე ჰესბოლას ახალგაზრდა მებრძოლები დგანან. სოციალურ ქსელში, ბევრ ადგილას ეს ფოტო ასეთი წარწერით გავრცელდა: "ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებმა ფოტო მამების მსგავსად გადაიღეს". თუმცა, ფოტოზე ახალგაზრდების უკან ასახული მამაკაცები მათი მამები არ არიან.

როგორც ირანული გამოცემა mashreghnews.ir წერს, ეს სპეციალური ჩანაფიქრია ორ თაობას შორის არსებული კავშირის დემონსტრირებისთვის. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ორიგინალ ფოტოზე ასახული მებრძოლებიდან ორი - დაიღუპა ომში: ჰოსეინ ხარაზი (მარჯვნიდან მეხუთე) იმამ ჰუსეინის მეთოთხმეტე დივიზიის მეთაური იყო, მარცხნიდან მესამე, გორბან ალი არაბი კი ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე (წაიკითხეთ ვრცლად)


აფერისტი ტაქსისტის და კეთილი ქალის ისტორია

"ფეისბუქზე" გავრცელებულმა ამ კეთილმა ამბავმა ძალიან ბევრს აუჩუყა გული... თუმცა, სიმართლის გარკვევის შემდეგ, უმრავლესობის გულისწყრომა დაიმსახურა მოულოდნელი ფინალის გამო. ალბათ ყველას გახსოვთ, 2016 წელს გავრცელებული ფეისბუქ-ამბავი, რომელშიც თვითმხილველი ერთი ტაქსისტის ამბავს ყვებოდა: როგორ მოისმინა ტაქსის მგზავრმა ქალბატონმა მძღოლის სევდიანი ამბავი, რომელსაც ტელეფონით უყვებოდა სხვას, როგორ სჭირდებოდა მის შვილს ოპერაცია და ამ ოპერაციისთვის საჭირო ფულს ვერ შოულობდა, როგორ გააჩერებინა მგზავრმა ქალმა მანქანა, შემდეგ დაბრუნდა, ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა და ქუჩაში გაუჩინარდა. კონვერტში კი საკმაოდ დიდი თანხა აღმოჩნდა...

მალევე, სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ნაწილი წერდა, რომ მამაკაცი, რომელიც ფოტოზეა, იტყუება და რეალურად, მას ავადმყოფი შვილი არ ჰყავს. "ეს უნამუსო ტაქსის მძღოლი არის ჩემი ყოფილი სიძე. ანგელოზივით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯანმრთელესი და ეს ვაჟბატონი გაქანებული აფერისტია. იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული", - წერდა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი... (წაიკითხეთ ვრცლად)


სხვათა შორის, "ფეისბუქი" ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება, ამიტომაც "ფეისბუქმა" ახალი კამპანია წამოიწყო მათ გამოსავლენად. შესაბამისი ღილაკი ახალი ამბების ველში გამოჩნდება. მომხმარებლების "კედლებზე" გამოჩნდება ბმული "როგორ ამოვიცნოთ ყალბი ნიუსი". ბმულზე დაჭერის შემთხვევაში, გადავლენ "ფეისბუქის" ვირტუალური დახმარების ცენტრში, სადაც 10 პატარა რჩევის სახით მათ დაეხმარებიან გამოარჩიონ და დაბლოკონ ცრუ ინფორმაცია.

კამპანია სულ 14 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, ფილიპინებს, ინდონეზიას, ტაივანს, მიანმარს, ბრაზილიას, მექსიკას, კოლუმბიას, არგენტინას, აშშ-სა და კანადას.

მიუხედავად ცვლილებისა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ მის სარგებლიანობაში. მათი აზრით, სიტუაცია მანამ იქნება გამოუსწორებელი, სანამ "ფეისბუქი" გააგრძელებს მსგავსი სახის ნიუსების შემქმნელთა დიდი ტრაფიკითა და ადვილი წვდომით "დაჯილდოვებას".

ასევე წაიკითხეთ: როგორ უნდა ამოიცნოთ ყალბი ამბები - 10 აუცილებელი წესი ფეისბუქმომხმარებლისთვის
09:56 / 09-06-2017
sos
0
მე არ მჯერა არც ფეისბუქის და რც თქვენი ყვითელი პრესის წერეთ, წერეთ გაერთობით მაინც
04:04 / 12-05-2017
kokito
0
სოციალური ქსელებიდან ძირითადად ბოროტება მოედინება, ქართველები კი ცდილობენ ერთმანეთს გული ატკინონ და დასცინონ, დააიგნორონ, სამაგიერო გადაუხადონ და ესაა ჩვენი გართობა. ისედაც ინფანტილურ, მასიურად ბავშვობაში ჩარჩენილ ერს მოერგო სოცქსელები
მსგავსი სიახლეები
ათი ათასობით მომხმარებელი ვერ ახერხებს მესიჯების, ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას
ნუცუბიძე პირად გვერზე ფეისბუქიდან მოსულ წერილს აქვეყნებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
ფეისბუქი იწყებს ისეთი მომხმარებლების პოსტების დამალვას, ვინც "სპამავენ" მეგობრებს
Facebook-ზე მილიონობით ყალბი ანგარიშია დაბლოკილი
აშშ-ის წამყვანმა მედიასაშუალებამ FBI-ის მიმართა, გამოეძიებინა Facebook-ის ყალბი ანგარიშები
"სადღესასწაულო სელფს "ამაღლებული" ტექსტი ადევს: "ასე გავატარე ჩემი დაბადების დღეეე!.."
+VIDEO| "როგორც გაბუნია იტყოდა: რა ქარში აფრიალებული სარეცხივით აქვს ის უკან რაღაცა?!"
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49