"ორჯერ ესრლეს, დაეცა ჩემი შვილი და შემდეგ საკონტროლო, მესამე ტყვიაც დაახალეს" - 28 წლის მოკლული ბიჭის დედა Ambebi.ge-ს დაუკავშირდა

"ორჯერ ესრლეს, დაეცა ჩემი შვილი და შემდეგ საკონტროლო, მესამე ტყვიაც დაახალეს" - 28 წლის მოკლული ბიჭის დედა Ambebi.ge-ს დაუკავშირდა

ბელიაშვილის ქუჩაზე მოკლული 28 წლის ბიჭის დედა მკვლელობის დეტალებს იხსენებს და სამართლიან გამოძიებას მოითხოვს. გარდაცვლილი ირაკლი ბერულავას დედა მიმოზა აქუბარდია Ambebi.ge-ს დაუკავშირდა.

"22 მარტს, ასე დილის თერთემეტის ნახევარზე დაურეკეს ჩემს შვილს ტელეფონზე, ამან უპასუხა, რომელი ხარო. ნოდარიო, რომელი ნოდარი, შემახსენეო... გაახსენა ეტყობა იმან. ჩემმა შვილმა უთხრა, მოდი ბიჭო, სახლში ვარო. იმათ უთხრეს, გამოდი, ზუსტად არ ვიცით სახლიო. გავიდა მანქანით, ჩაისვა და მანქანაში საუბრობდნენ. სახლში უნდა მოეყვანა. ჩემი რძალი და გოგონა სტუმრების მისაღებადაც კი ემზადებოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, მანქანიდან არანაირი ხმამაღალი ლაპარაკი არ გაუგიათ. რომ გადმოვიდნენ მანქანიდან, წინ ბოსტანია და იქ შევიდნენ. შესვლა და გასროლა ერთი იყო. წინ ჩემი შვილი მიდიოდა და უკნიდან ესრლეს ორჯერ, დაეცა ჩემი შვილი და შემდეგ საკონტროლო, მესამე ტყვიაც დაახალეს",- იხსენებს მიმოზა აქუბარდია.

ირაკლი ბერულავას მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ნოდარ მემანიშვილია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მემანიშვილი ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება მარტის დასაწყისში დატოვა. ნასამართლევი იყო ირაკლი ბერულავაც, რომელიც ციხიდან 2009 გაათავისუფლეს. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილმა და ბრალდებულმა ერთმანეთი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიცნეს და მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმება მიმოზა აქუბარდია.

"ჩემი შვილი საქმის გასარჩევად რომ ყოფილიყო გასული, დანას მაინც წაიღებდა, ქვას მაინც აიღებდა ან ვინმეს, ბიჭებს მაინც ხომ გაიყოლებდა. შურისძიება რომ ყოფილიყო, ეჭვი რომ შეპარვოდა რამეზე და ჩხუბის მიზნით წასულიყო, რამეს წაიღებდა. მანქანაშიც კი ხელუხლებელი იყო ყველაფერი",-ამბობს გარდაცვლილის დედა და მოითხოვს გამოძიების სამართლიან წარმართვას და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას.

მკვლელობა თბილისში, 22 მარტს, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 28 წლის ირაკლი ბერულავა დაიღუპა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ს 108 (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია