ბათუმში თოვს და ძლიერი ქარია. ქალაქში თოვა გამთენიისას დაიწყო, რასაც ძლიერი ქარბუქი მოჰყვა. ასევე, შავი ზღვის აჭარის სანაპიროებზე 6 ბალიანმა შტორმმა პრობლემები შექმნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერმა ტალღებმა ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვის გრუნტი გამორიყა.
"6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა აჭარის სანაპირობზე. 07:00 საათზე ღელვამ გრუნტი გამორიყა ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე. დილიდან მერიის შესაბამისი სამსახურები ბილიკების დასუფთავებას შეუდგნენ", - აღნიშნა თურმანიძემ.
მისივე განმარტებით, თოვას ბათუმში გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეუქმნია, ტემპერატურა კი +1 გრადუსამდე დაეცა. "გადაადგილების მხრივ შეფერხებები ბათუმის მასშტაბით, ჯერჯერობით, არ შექმნილა. ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. ორი დღის წინ ბათუმში 23 გრადუსი სითბო ფიქსირდებოდა, დღეს კი +1 გრადუსია", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ბათუმში ნისლია ჩამოწოლილი.
რაც შეეხება საავტომობილო გზებს, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წუხელ მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ცნობით, მთელ საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვდა.
თბილისში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 30 მეტრს აღწევდა. ძლიერი ქარი და თოვლჭყაპი თბილისში დღესაც შენარჩუნდება. მაღალმთაში კი მოსალოდნელია ქარბუქი.
დღეს, მთელს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა +1; +6 გრადუსი იქნება. 31 მარტს და 1-ელ აპრილს კი, ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში -3;-6 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -4;-6 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი 2 აპრილსაც. 3 აპრილიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს.