რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?

რატომ აუქმებენ ბაგა-ბაღებში ხატების კუთხეს?

რა მიზეზით აუქმებინებენ ბაგა-ბაღებში სალოცავ კუთხეებს, რატომ ჩამოახსნევინეს დირექტორებსა და პედაგოგიურ კოლექტივს ხატები საბავშვო ბაღებში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა? რედაქციაში ვაკის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი დაგვიკავშირდა. შეშფოთებულმა ახალგაზრდა დედამ გვიამბო, რომ იმ ბაღში, სადაც მისი 5 წლის გოგონა დადის, პატარა სამლოცველო კუთხე, რომელიც ყველამ ერთად, რუდუნებით მოაწყო, გააუქმეს. მიზეზი?! სხვა მრწამსის მქონე ბავშვების უფლებების შელახვა(?!). თემა აშკარად სენსიტიური და დელიკატურია, ვერაფერს ვიტყვით. ჩვენდა სამწუხაროდ და მოულოდნელად, ფაქტების გადამოწმების პირველივე ნაბიჯებზე უზარმაზარ შიშს წავაწყდით დაჭყეტილი თვალებით(!). აბსოლუტურად ყველა პედაგოგი წინააღმდეგი წავიდა ინტერვიუს ჩაწერაზე, დირექტორების მხრიდან კომენტარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი აღმოჩნდა. ფაქტის შემსწრე მშობელი, შვილის გამო გვარს არ ასახელებს და სურს, ინკოგნიტო წყაროდ დარჩეს(!). თუმცა, მან მოგვცა ჩამოხსნილი ხატების ფოტო, რომელსაც აქვე ვბეჭდავთ.

"ეს თემა ახალი აგორებული ჭორებია... დარწმუნებული ხართ იმ მშობლის ჯანმრთელობაში? საერთოდ, სკოლამდელი აღსაზრდელების მეთოდური მუშაობა დაყოფილია სექციებად, რელიგია არ შედის სასწავლო პროგრამაში. ისე, დირექტორის პრეროგატივაა, უნდა გამოყოფს ხატების წინ სამლოცველო კუთხეს, უნდა არა", - მიხსნის ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ბაგა-ბაღების სამმართველოს სააგენტოში მისულს... "ბატონ რამაზთან (მათ უფროსზე, სულამანიძეზეა საუბარი, - თ.მ.) შესვლას კი აზრი არ აქვს, ჩვენ მასეთი ფაქტები არ გვაქვს", - გამომიცხადა საბურთალოს რაიონის ბაღების კურატორმა...

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, "მამაო ჩვენო", "ამინ" და "უფალო შეგვიწყალენ" არა მგონია, უცხო ხილი იყოს. სიკეთის ქმნა, მშობლის სიყვარული, არა - ქურდობასა და მცონარობას, უფროსების პატივისცემა, სწორედ ის აუცილებელი და სწორი ფუნდამენტია, რაც მომავლის მყარი და ძლიერი საძირკვლის გარანტიას მოგვცემს.

ჩვენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო არსებული სხვადასხვა შეხედულებების სამსჯავროზე გამოტანა გადავწყვიტეთ. კომენტარი ვთხოვეთ თბილისის საკრებულოს დეპუტატს გულიკო ზუმბაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარეს, გიორგი ბურჯანაძეს და მამა ელიზბარს (დიაკონიძე).

გია ბურჯანაძე:

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკვე რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბაგა-ბაღებში სააგენტოს თანამშრომლებმა შენიშვნები გამოთქვეს, არანაირი ხატები და სალოცავი კუთხეები ჯგუფებში არ დავინახოთო. მიზეზად სხვა ეროვნების ბავშვები დაუსახელებიათ, როგორც უმცირესობა, დაიჩაგრებიანო. მე არ ვეთანხმები მათ მოსაზრებას. მართლმადიდებლურ ქვეყანაში, თუ პატარა ბავშვებშივე დაიწყება დევნა მრწამსისა, ვიღაცა, არ მერიდება და, უნამუსო თანამდებობის პირებისგან, ეს იქნება მართლა უფლების შელახვა ქართველი ერისა და ქართველი მართლმადიდებლისა. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედება არ მინახავს და არ გამიგია...

- ხართ თუ არა საქმის კურსში თბილისის საბავშვო ბაღებში არსებული სხვა რელიგიური წარმოშობის აღსაზრდელების საშუალო რაოდენობაზე?

- ჩვენ პარალელურ რეჟიმში ჩავატარეთ მონიტორინგი, მშობლებიც ადასტურებენ, რომ სხვა სარწმუნოების მიმდევარი ბავშვები უიშვიათესია ქართულ ბაღებში. აქედან გამომდინარე, მიუღებლად მიაჩნიათ ამ საკითხით მანიპულირება. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოქმედება არის შეგნებულად ჩადებული თესლი საჭირო ადგილას, რაც მომავალში აუცილებლად მოგვცემს ცუდ ნაყოფს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ საპატრიარქო ჩავაყენეთ საქმის კურსში. გამოითქვა აზრი, რომ ნამდვილად არ შეიძლება ამ ფორმით ასეთი საკითხის განხილვა და უნდა იყოს შეთანხმებული აუცილებლად განათლების სამინისტროსთან, შესაბამის სამსახურებთან და საპატრიარქოსთან. აქცენტირება და ფოკუსირება სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან იმაზე, რომ სამლოცველო კუთხის არსებობით ვიღაცას ვთრგუნავთ, არასწორია.

- საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების აზრი თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით?

- უმრავლესობა დირექტორების დამოკიდებულება ისეთია, როგორიც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოსი. ანუ მამა-მარჩენალ არქიფოს უნდა დავემორჩილოთო... მოგიწოდებთ, გთხოვთ, ნუ დათესავთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში. პატარა ბავშვებით ამ თემის პროვოცირება მიუღებლად მიმაჩნია, შეურაცხმყოფელია...

აქვე შევნიშნავ, რომ არ შეიძლება საქართველოში ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ ევროსტანდარტებიდან გამომდინარე არსებულ მეთოდიკაზე. ჩვენი ადათ-წესები, ტრადიცია, რელიგიური მრწამსი არის მრავალსაუკუნოვანი, აქედან გამომდინარე, სიახლე უნდა მოხდეს თანდათანობით და პერიოდულად, რათა ავიცილოთ საზოგადოების უკურეაქცია. საუბედუროდ, სურვილი გვაქვს, დავნერგოთ ახალი, ევროპული და გვავიწყდება, რომ ვართ კავკასიელები...

გულიკო ზუმბაძე:

- რამდენად უნდა იყვნენ ბავშვები რელიგიურ თემაში გამოკვეთილი, ეს სხვა თემაა. გადაჭარბებული რელიგიური თემების გამოხატვა არა მგონია, სასურველი იყოს, მაგრამ ზოგადად, ნორმის შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს დაშვებული. კანონში არსად არ წერია, რომ სამლოცველო, ან ხატების კუთხის არსებობა იყოს აკრძალული, მაგრამ რელიგიური რიტუალების ჩატარება ნამდვილად არ იქნება სწორი. არ მიმაჩნია გამართლებულად სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელს მოახვიო თავს ამა თუ იმ რელიგიის მრწამსი, სადაც არამართლმადიდებელი ბავშვებიც დადიან... სჯობია, ეს თემატიკა არ იყოს აქტიურად გამოკვეთილი.

მამა ელიზბარი:

- დღეს, ადამიანის ცნობიერებიდან მართლმადიდებლური მრწამსის შეხედულებების, აზროვნების, ზნეობის ამოშლა, ყველა მიმართულებიდან ხდება. მიხვდნენ, რომ სატანის მიდმევარი იანუსი, მოზრდილ და უფროს თაობაში ამას ვერ მოახერხებს. ამიტომაც, ახლა სწორედ იქ დაგვეტაკა, სადაც ყველაზე ნატიფია აზროვნება, ანუ საბავშვო ბაღებში. ვის უშლის მართლმადიდებლობა ხელს? ჯერ კიდევ იმ ავადსახსენებელი კახა ლომაიას დროს დაიწყო წითელი კუთხეების ნაცვლად აღორძინებული წმ. კუთხეთა მოშლა... სარჩულად სხვა მრწამსის ბავშვთა უფლებების დარღვევას იმიზეზებდნენ... შესაძლებელია, ერთი-ორი იეღოველი, კათოლიკე ან მუსლიმანი იყოს ჯგუფში, მაგრამ დანარჩენ მართლმადიდებელ ბავშვებს რატომ ულახავენ უფლებას? მახსოვს, სკოლაში ვასწავლიდი საგანს "რელიგია და კულტურა". კლასში ტყუპი იბრაგიმოვები მყავდნენ. იცით, როგორი მონდომებით სწავლობდნენ? აინტერესებდათ საგანი...

- საგანზე გამახსერდა, ახალი მეთოდური თამაშებია სკოლამდელ სისტემაში დანერგილი. მაგალითად, აღმზრდელი ბავშვებთან ერთად ერთ-ერთ აღსაზრდელს სკამზე დააბამს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ – ახსნის, თავისუფლების უკეთ შეგრძნებისა და დაფასებისთვის(!)...

- თავისუფლების შეცნობის შესანიშნავი მეთოდები აქვს ქართულ მართლმადიდებლურ აზროვნებას, უკეთესები, მერწმუნეთ, ვიდრე სკამზე დაბმა და მერე ახსნაა. გადაეცით მავანთ ჩემგან, რომ ძალიან ბედნიერს გამხდიდნენ, თუკი მაგ სისტემის დამნერგავნი დაიბამდნენ საკუთარ თავებს სკამებზე, თანაც ისე, რომ ვეღარასოდეს განთავისუფლებულიყვნენ.

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია